ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 30 მაისს გამართულ ბრიფინგზე ის მიზეზები ჩამოთვალა, რომელთა გამოც, „ალოგიკური იქნებოდა“, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა. მანვე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ოპოზიციის მიზანია, ქვეყანამ წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.
„კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირს საქართველოზე არ ეხარჯება არცერთი ევროთი მეტი“, – თქვა მან და დასძინა, რომ „კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს საქართველოსთვის არავითარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის ვალდებულებას არ აკისრებს“.
„ასევე, ევროკავშირი არ იღებს არავითარ ვალდებულებას, კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში სტატუსის მინიჭებიდან რაიმე კონკრეტულ ვადაში გააწევრიანოს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ ამის მაგალითებად თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი და ალბანეთი დაასახელა, რომელთაც კანდიდატის სტატუსები 23, 17, 12, 10 და 8 წლის მიანიჭეს.
„გაწევრიანებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები მათგან დღეს მხოლოდ სერბეთთან და მონტენეგროსთან წარმოებს“, – ხაზი გაუსვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, კლემან ბონიმ უკრაინასთან დაკავშირებით საჯაროდ განაცხადა, რომ ევროკავშირში მის გაწევრიანებას 10-15 წელი მაინც დასჭირდება.
„იმ პირობებში, როდესაც კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს არც დაფინანსების და არც გაწევრიანების კუთხით არავითარ ვალდებულებას არ აკისრებს, გაუგებარია, რატომ უნდა უთხრას მან საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს უარი ამ სტატუსზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება გამორჩეულია გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისითაც“, – თქვა მან.
კობახიძისვე მტკიცებით, საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირი „გამოხატავს სოლიდარობას სამი ქვეყნის მიმართ, რომლის ტერიტორიები რუსული ოკუპაციის ქვეშაა“. ამასთან განაცხადებს, რომ „არ ეშინია რუსული რეაქციის და პრინციპულ პოზიციას ავლენს სამი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხში“.
„რისთვის შეიძლება უღირდეს ევროკავშირს ამის საპირისპირო გზავნილის გაჟღერება, სრულიად გაუგებარია“, – აღნიშნა ქართული ოცნების თავმჯდომარემ და ხაზი გაუსვა, რომ „ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ევროკავშირის უარი კანდიდატის სტატუსზე სრულიად ალოგიკური იქნებოდა“.
კობახიძის მტკიცებით, ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსზე უარი „იქნებოდა ზუსტად ისეთივე ალოგიკური გადაწყვეტილება, როგორიც უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა იყო“.
ირაკლი კობახიძე კვლავ ოპოზიციას აკრიტიკებს
ქართული ოცნების თავმჯდომარის მტკიცებით, ოპოზიციის მიზანია, რომ საქართველომ უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით არ უნდა მიიღოს წევრობის სტატუსი, რასაც „მათი გეგმის მიხედვით, მოჰყვება საზოგადოების მღელვარება, ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ომში საქართველოს ჩართვა“.
„ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არა აქვს, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს“, – აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ „საქართველო ყველა შესაბამისი პარამეტრით წინ უსწრებს ორივე აპლიკანტ ქვეყანას“.
მანვე არ გაიზიარა მსჯელობა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯა ზიანს მიაყენებს ევროკავშირის წევრობაზე ქვეყნის განაცხადს.
„საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობაზე უარი ერთი სახელმწიფოზე გადამტერებული და ეკლესიის მაგინებელი კრიმინალის გამო შეიძლება უთხრას, რომელიც 9-წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და იდეოლოგი იყო, რომელიც ქართული პოლიტიკის პოლარიზაციაში საკვანძო როლს ასრულებს და რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 7 მილიონით გაძარცვა, უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია და ეს ვერსია სერიოზულ განხილვას არ ექვემდებარება“.
ამ კონტექსტში მან ირაკლი კობახიძემ უკრაინის მიერ ყოფილი პრეზიდენტების – პეტორ პოროშენკოსა და ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ აღძრული საქმეები, ასევე მოლდოვის მიერ წევრობაზე განაცხადის წარდგენის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის დაკავება და შინაპატიმრობაც გაიხსენა.
„ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სააკაშვილი და გვარამია ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებში არიან მხილებული თუ ბრალდებული, ვიდრე პეტრო პოროშენკო, ვიქტორ იანუკოვიჩი ან იგორ დოდონი“, – თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ „ამის მიუხედავად, „ომის პარტია“ და მისი უცხოელი ლობისტები, რატომღაც, იმედს არ კარგავენ და აქტიურად იბრძვიან იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს“.
ქართული ოცნების პოზიციას მათთან დაახლოებული ექსპერტები იწონებენ
ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ ტელეკომპანია „პოს ტვ-მ“ და „იმედმა“ მმართველი გუნდის მხარდამჭერი იდენტური შინაარსის კომენტარები გაავრცელეს, რაც კოორდინირებული გზავნილების გავრცელების შთაბეჭდილებას ქმნის.
მაგალითად, 31 მაისს, „პოს ტვ-მ“ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მოსაზრება გააშუქა, სადაც იგი ამბობს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი „ფიქტიურია“. მანვე დასძინა, რომ თურქეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და მონტენეგრო „დიდი ხანია, კანდიდატები არიან, თუმცა, მათი უმეტესობა, უკვე 10 წელიწადზე მეტია, ამაოდ ელის ევროკავშირის წევრობის ახლო პერსპექტივასაც კი“.
შათირიშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადების პათოსი გაიმეორა და თქვა, რომ „გათვლა ახალგაზრდებზეა, რომლებიც აღშფოთდებიან იმით, რომ ევროკავშირმა ხელისუფლებას კანდიდატობაზე უარი უთხრა“, რის შემდეგაც „სრული სპექტრი ეცდება ეს მღელვარება, რევოლუციაში გადაზარდოს“.
„სრულიად აშკარაა, რომ ქართული ოცნება ამერიკელებისთვის მიუღებელია… ადამიანის ბუნებაა, რომ გერს ყოველთვის საკუთარი შვილი ურჩევნია“, – თქვა შათირიშვილმა და დაამატა, რომ „სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია და უსუფაშვილი მათთვის შვილები არიან“. „ეს არის მათი აგენტურა“.
„პოს ტვ-მ“ შათირიშვილის კიდევ ერთი შეფასებაც გაავრცელა, სადაც იგი ამბობს, რომ „გაჩაღებული ომის დროს უკრაინისთვის ამ სტატუსის მიცემა იმდენად არასერიოზულია, რომ მცირე სოლიდარობის აქტადაც კი შეუძლებელია, ჩაითვალოს“.
მისი მტკიცებით, „ევროკავშირის თემა ამერიკელებმა საქართველოსთვის მოიგონეს და შემოგვიგდეს“. „სცენარი მარტივი იყო – მას შემდეგ, რაც უკრაინა და მოლდოვა შეიტანდნენ განაცხადს კანდიდატობაზე, საქართველოც იძულებული გახდებოდა, ანალოგიური ნაბიჯი გადაედგა. ახლა კი, როდესაც ხელისუფლებამ განაცხადი შეიტანა, უკვე დაიწყეს ოპოზიციის ხელით ხელისუფლების დაშანტაჟება“.
„რუსეთის ეშინიათ და ამიტომ NATO-ს შეთავაზება ვერც კი გაბედეს. ევროკავშირი მარტივი იყო, რადგან მათთვის არც უსაფრთხოების რისკებთან არის დაკავშირებული, არც ფინანსურ დანახარჯებთან და არც რაიმე სხვა დისკომფორტთან“, – დასძინა შათირიშვილმა.
პარალელურად, ტელეკომპანია „იმედმა“ თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ქადაგიძის Facebook-ის პოსტიც გაავრცელა, სადაც იგი წერს – „ცოტა უხერხული ხომ არ იქნება დსთ-ის წევრ ქვეყანას მიანიჭო და საქართველო, რომელსაც რეფორმების თვალსაზრისით ტრიოს ფორმატში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს, სტატუსის გარეშე დატოვო?!“.
მას შემდეგ, რაც ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაჯა კალასმა 30 მაისს განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის მსგავსად საქართველოს და მოლდოვასაც მხარს ყველა თანაბრად არ უჭერს, „იმედმა“ ქართულ ოცნებასთან ასოცირებული კიდევ ერთი ექსპერტის, თამთა მეგრელიშვილის შეფასება გააშუქა, რომ „მოლდოვა და საქართველო ისჯებიან მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვერთვებით ომში!“.
„აგერ პირდაპირ აღიარებენ, რომ კანდიდატის სტატუსი მიეცემა მას, ვინც ომში ჩაერთვება. უკრაინას აძლევენ სტატუსს ომის სანაცვლოდ, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლის სანაცვლოდ“, – დასძინა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი: კობახიძე „ღია საზოგადოების ფონდს“ აკრიტიკებს
- ქართული ოცნება უარყოფს ბრალდებას, თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებს
- ივანიშვილის შვეიცარიულ ბანკთან დავის ფონზე, „ოცნება“ მიანიშნებს, რომ აშშ საქართველოს ომისკენ უბიძგებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)