საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 1 ივნისს განაცხადა, რომ დღეიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 100 ლარიდან 150 ლარამდე გაიზრდება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დახმარება 50 ლარით 215 000-ზე მეტ ბავშვს შეეხება, რისთვისაც 341 მლნ ლარი გამოიყოფა.
„ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად, მათი განვითარების უზრუნველსაყოფად ჩვენი ძალისხმევა კვლავაც გაგრძელდება და გაძლიერდება“, – თქვა მან.
აგრეთვე დღეს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოში უკვე წლებია მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, სარეაბილიტაციო, მხარდამჭერი სერვისების სიმცირისა და ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობის პრობლემები“.
ომბუდსმენის განცხადებით, წინა წელთან შედარებით 28%-ით გაიზარდა სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების რეგისტრირებული რაოდენობა.
ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული პროგრამები „კვლავ ვერ უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერასა და მათი სოციალური ფუნქციის ამაღლებას. სახელმწიფოში კი ამ დრომდე არ არსებობს ბავშვთა სიღარიბის, ბავშვთა შრომის შემცირების ეფექტიანი სტრატეგია და მექანიზმი“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)