Site icon Civil.ge

პრემიერი: ევროკავშირის წევრობის სტატუსი მეტი მოტივაციაა ქვეყნისთვის რეფორმების გასაგრძელებლად 

ირაკლი ღარიბშვილი ბრატისლავაში პანელური დისკუსიისას, 3 ივნისი, 2022, ფოტო:ირაკლი ღარიბაშვილის Twitter-დან

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მართალია, ევროკავშირის კანდიდატობის „სიმბოლური, მაგრამ აზრიანი სტატუსი“ არ უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის, ეს იქნება წახალისება რეფორმების გასაგრძელებად.

საქართველოს პრემიერმინისტრმა აღნიშნული 3 ივნისს ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – “აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება” განაცხადა. დისკუსიაში დისტანციურად მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუც მონაწილეობდა.

ღარიბაშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს „დამატებით მოტივაციას“ მისცემს. „ეს იქნება ჩვენი პროგრესის აღიარება. ამავე დროს, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის სამუშაო პროცესი“.

„საქართველო ბუნებრივი ევროპული ქვეყანაა“, – აღნიშნა პრემიერმა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აქვს „გენერალური გეგმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფორმით და ამრიგად, ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ“.

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების 45% შეასრულა, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების კონტექსტში, მისი თქმით, ქვეყანამ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია.

„ჩვენ ვიცით, როგორ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაცია და ვაქციოთ ის ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ. ასე რომ, 5-10 წელიწადში ჩვენ საკუთარ თავს ვხედავთ ევროპაში, ევროკავშირში. 10 წელი არის ჩვენი ოცნება და სურვილი“, – განაცხადა მან.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე პოზიციებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და „ქართველ ერს სწამს, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ”.

„საქართველო ევროპას მიეკუთვნება“, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა. „ეს ჩვენი არჩევანია. ეს ცივილიზაციასთან დაკავშირებული არჩევანია“.

საშინაო დავალება შესრულებულია, ახლა გადაწყვეტილება ევროკავშირმა უნდა მიიღოს 

„ჩემი გზავნილი ასეთია: ჩვენ, ქართულმა მხარემ, შევასრულეთ საშინაო დავალება“, – თქვა პრემიერმინისტრმა და აღნიშნა, რომ ახლა ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დადგება თუ არა ევროპა მოკავშირეების გვერდით.

„ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. სტატუსის მინიჭება/არმინიჭება პოლიტიკური, სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, თუმცა მორალური გადაწყვეტილებაცაა და ეს სიმბოლურია“, – განაცხადა მან.

ღარიბაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, საქართველო კანდიდატობას ელის და არა წევრობას. „ეს ხანგრძლივი პროცესია. გვესმის, რომ ყველა ჩვენი რეფორმა უნდა გავაგრძელოთ და ამის პირობა დავდეთ“.

„ჩვენი მხრივ, ყველა ეს რეფორმა განვახორციელეთ, გავაძლიერეთ დემოკრატიული ინსტიტუტები, რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი ვართ, გამჭირვალობის, ანგარიშვალდებულების, მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობის, სასამართლო რეფორმების თვალსაზრისით“, – აღნიშნა მანვე.

ღარიბაშვილის თქმით, მხოლოდ რუსეთი გაბედნიერდება იმით, თუ ევროკავშირი სამ ქვეყანას კანდიდატობაზე უარს ეტყვის. ამ თვალსაზრისით, იგი დაინტერესდა „რა გზავნილს ვავრცელებთ იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენს გარშემო არიან რეგიონში და მის მიღმა?“

საქართველო ლოიალური, მხარდამჭერი პარტნიორი 

პანელურ დისკუსიაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხდა, რომ საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც რაიმეს უფასოდ ითხოვს, არამედ საკუთარი წვლილი შეაქვს ევროკავშირში, მათ შორის, ევროკავშირის მისიის ფარგლებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედროების გაგზავნაზე „რთული გადაწყვეტილების“ მიღებით.

„ჩვენ გავაგზავნეთ ერთი ბატალიონი, ანუ 500-ზე მეტი მებრძოლი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, რათა დავხმარებოდით ჩვენს ევროპელ მეგობრებს“, – აღნიშნა მან.

„ჩვენ – ქართველები და საქართველო ყოველთვის ვართ იქ, სადაც ეს ევროპას სჭირდება, სადაც მსოფლიოს, საერთაშორისო საზოგადოებას ვჭირდებით“, – დასძინა მან.

პრემიერმინისტრის თქმით, მიუხედავად რუსული ოკუპაციისა, როდესაც თბილისიდან 40 კილომენტრში რუსეთის ჯარები დგანან, საქართველო ყოველთვის იყო მისი ფუნდამენტური პრინციპების და ღირებულებების ერთგული, ასევე „ჩვენი ურყევი გადაწყვეტილების ერთგულნი, გავხდეთ ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა“.

„საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას… ჩვენ ეს გზა არ დაგვიწყია სამი წლის წინ. ეს ყოველთვის იყო ჩვენი ხალხის, ჩვენი წინაპრების ოცნება და სურვილი საუკუნეების წინ“, – დასძინა პრემიერმინისტრმა.

აქტუალური საკითხები 

კითხვაზე დაიცავს თუ არა მისი მთავრობა ევროპულ ღირებულებებს, თუ წელსაც არაფერს გააკეთებს 2021 წლის 5 ივლისის მსგავსი ჰომოფობიური დარბევების აღსაკვეთად, პრემიერმინისტრმა უპასუხა:

„2014 წელს მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღსაკვეთად. მართალი გითხრათ, ეს არ არის [მხოლოდ საქართველოს] პრობლემა. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც არსებობს პრობლემები, გამოწვევები ამ საკითხთან დაკავშირებით“.

„პოლიციამ 30-ზე მეტი ადამიანი დააკავა, ვინც ჟურნალისტებს და ოპერატორებს დაესხა თავს. მათ წინააღმდეგ საქმეები აღიძრა და ისინი ციხეში არიან“, – განაცხადა მან.

„სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ თითოეული მოქალაქე დაიცვას, მიუხედავად მათი ორიენტიციისა. საქართველოს კანონმდებლობა თითოეულ მოქალაქეს იცავს“, – დასძინა ღარიბაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)