Site icon Civil.ge

ლელო და გირჩი-მეტი თავისუფლება ALDE-ს შეუერთდნენ

საქართველოს დელეგაცია დუბლინში, მათ შორის გრიგოლ გეგელია, ლელოდან; ზურაბ ჯაფარიძე, გირჩი-მეტი თავისუფლებიდან; თამარ კეკენაძე, თავისუფალი დემოკრატებიდან; ხათუნა სამნიძე, რესპუბლიკელებიდან; სერგო ჩიხლაძე და გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებლიდან, 4 ივნისი, 2022, ფოტო: თამარ კეკენაძის Twitter-დან

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის (ALDE) ქართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – ლელო საქართველოსთვის და გირჩი-მეტი თავისუფლება სრულ და ასოცირებულ წევრებად მიიღო.

გადაწყვეტილება ევროპის ერთ-ერთმა უმსხვილესმა პოლიტიკურმა ქსელმა დუბლინში 2 ივნისს გამართულ ყრილობაზე მიიღო.

ამჟამად, ALDE-ს წევრებს შორის ჯამში ხუთი ქართული პარტიაა. მანამდე, ლიბერალური პარტიის ქსელში საქართველოს რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები და სტრატეგია აღმაშენებელი გაწევრიანდნენ.

დუბლინის ყრილობის დროს, ევროპის ლიბერალური პარტიის წევრად უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია ხალხის მსახურიც მიიღეს.

ALDE-მ 4 ივნისს, დუბლინში, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. სამივე ქვეყანამ წევრობაზე განაცხადები უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე წარუდგინეს. ევროკომისია სამი ქვეყნის განცხადებებზე საკუთარ მოსაზრებას უახლოეს კვირებში წარმოადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)