Site icon Civil.ge

ივანიშვილი თუ ევროპა? – ორი ევროპარლამენტარი ქართველებს აფრთხილებს

ევროპული დროშა, ფოტო: ოლივიერ დარბონვილი/Unsplash.com

ქართველი ხალხის სახელზე გავრცელებულ წერილში, ევროპარლამენტარებმა – ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუნკევიჩიენემ განაცხადეს, რომ ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებები, შესაძლოა, იმ მომენტამდე მივიდეს, როდესაც ქართველებს მოუწევთ გადაწყვიტონ, რას ირჩევენ „მოქმედ პოლიტიკურ სტრუქტურას [ბიძინა] ივანიშვილით და ქართული ოცნებით ქვეყნის სათავეში, თუ საქართველოს ევროპულ მომავალს“.

ორმა ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ სიტყვებით ვერ მიიღწევა, არამედ საჭიროა „ნამდვილი ერთგულება და საერთო ძალისხმევა, რაც მთავრობამ, პოლიტიკურმა ოპოზიციამ და ხალხმა უნდა აჩვენონ“.

„ზოგჯერ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვიღაც, საქართველოს მმართველ წრეებში აქტიურად აკეთებს ყველაფერს, რათა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეაჩეროს. თუ ისინი წარმატებას მიაღწევენ, ეს იქნება საშინელი დანაკარგი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც და იქნება დიდი გამარჯვება პუტინის რეჟიმისთვის“, – ნათქვამია წერილში.

ევროპარლამენტარებმა ხაზი გაუსვეს, რომ ასეთი არადემოკრატიული ტენდენციები ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას შეაჩერებს. მათ სლოვაკეთიის 1997 წლის მაგალითი მოიყვანეს, როდესაც ქვეყანა, მისი მეზობლებისგან განსხვავებით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე არ მიიწვიეს.

ამ ფონზე, კუბილიუსმა და იუნკევიჩიენემ მოუწოდეს საქართველოს პოლიტიკურ ძალებსა და ხალხს იმედი ნუ გაუცრივდებათ, თუ „შედეგი ნაკლებად ოპტიმისტური იქნება, არამედ სანაცვლოდ, ძალები გააერთიანონ საერთო საქმისთვის და საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად“.

„საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყნის პრობლემების მოგვარების გასაღები თბილისშია და არა ბრიუსელში. თუ ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ამ მთავრობისთვის, არსებობს დემოკრატიული გზები მისი სხვებისთვის გადასაცემად, ნებისმიერ ფასად სკამების შენარჩუნების ნაცვლად“.

ამასთან, წერილი მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს „გამონახონ ძალა, რათა ცალკეულ საკითხებზე მაღლა დადგნენ და ქართველ ხალხს ევროინტეგრაციის სანდო სტრატეგია შესთავაზონ“.

მოსაზრება საქართველოში სიტუაციის გაუარესების თაობაზე 

ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ მართალია, წლების განმავლობაში, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ლიდერობდა, „დღეს ევროკავშირში და ევროპარლამენტში ჭარბობს მოსაზრება, რომ სიტუაცია საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია გაუარესდა“.

„მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, მოქმედმა ხელისუფლებამ არ ჩაატარა შესაბამისი სამუშაო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველის მოწინავე პოზიციებზე შესანარჩუნებლად“, – განაცხადეს ევროპარლამენტარებმა და დასძინეს, რომ „ამჟამად სურათი საკმაოდ არასახარბიელოა“.

ევროპარლამენტარებმა ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ გადადგმული სადავო ნაბიჯები დაასახელეს, მათ შორის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავება და 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობა. მათივე თქმით, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელისთვის, ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯამ საქართველოში არსებული სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა.

რაც შეეხება ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ „ოლიგარქიზაცია და შედეგად, პოლარიზაცია საქართველოში კვლავ მაღალ დონეზეა და იმ ერთი ადამიანის ხელშია კონცენტრირებული, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული ხალხის მიმართ დემოკრატიული არჩევნების გზით“.

უკრაინა, რუსეთზე დაკისრებული სანქციები 

ევროპარლამენტარებმა შეშფოთება გამოხატეს ქართული ოცნების პოზიციის თაობაზე უკრაინის, ასევე ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიმართ.

მათი თქმით, ეს „რთული გასაგებია“, რადგან უკრაინა იცავს საკუთარ მიწას და „დემოკრატიას, თავისუფლებას და ევროპულ ღირებულებებს, რაც საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია“.

„უკრაინა იმსახურებს ყველა ჩვენგანის ურყევ მხარდაჭერას და მარტივ გაგებას, რომ უკრაინა, როგორც ყინულმჭრელი, კარს უხსნის მოლდოვას და საქართველოს კანდიდატობის სტატუსისკენ“.

ქართული ოცნების პასუხი 

წერილის საპასუხოდ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ წერილს „არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც ჩვენთვის, არც ქართული საზოგადოებისთვის”.

„არავითარი განსხვავება არ არის კუბილიუსსა და გუბაზ სანიკიძეს შორის და რასას და სალომე სამადაშვილს ან ვინმე ნონა მამულაშვილს შორის“, – განაცხადა მან.

საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ევროპარლამენტარები „უკვე ძალიან შორს მიდიან და რეალურად, პირდაპირ ესხმიან თავს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას“.

„ისინი ამ განცხადებით უკვე პირდაპირ და აგრესიულად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ბატონ კუბიულიუსს და მეორე ქალბატონს საერთოდ, როგორც ჩანს, არ აინტერესებთ, ვინ არის ქართველი ხალხი და რას ფიქრობს ქართველი ხალხი“, – აღნიშნა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)