არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) დღეს განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონიერად ცნო 2019 წელს ტელეკომპანია „რუსთავი 2-იდან“ ამავე არხის ყოფილი წამყვანის, ეკა კვესიტაძის გათავისუფლება და მას შრომითი პირობების დარღვევით „მთავარ არხზე“ გადასვლისთვის 25 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
„საიას“ ცნობით, რომელიც სასამართლოში კვესიტაძის უფლებებს იცავდა, ჟურნალისტი ტელეკომპანიიდან დისკრიმინაციული მოტივით მისი გათავისუფლების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების (დავალიანების და საშვებულებო პერიოდის ანაზღაურების) გადახდას ითხოვდა.
თუმცა, ორგანიზაციის განმარტებით, სასამართლომ „რუსთავი 2-ს“ მისთვის მხოლოდ ნამუშევარი სახელფასო ანაზღაურების გადახდა დაავალა. განცხადებაში თანხის ზუსტი რაოდენობა მითითებული არ არის.
„საიას“ თქმით, ეკა კვესიტაძე, მისი ჟურნალისტური საქმიანობის შინაარსიდან და კრიტიკული ხასიათიდან გამომდინარე, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ახალი მენეჯმენტის მხრიდან „დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი“ იყო, რომლის მიზანსაც მისი „სამაგალითო დასჯა“ წარმოადგენდა.
კერძოდ, „საიას“ განცხადებით, კვესიტაძე წლების განმავლობაში „რუსთავი 2-ში“ მუშაობისას საკუთარ საქმიანობას „ჯეროვნად და კეთილსინდისიერად“ ასრულებდა, ახალმა მენეჯმენტმა კი – იგი სხვა თანამშრომლებისგან თავიდანვე გამოარჩია და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად ხელფასის გადახდა შეუწყვიტა.
ამასთან, ტელეკომპანიის ადამიანური რესურსების განყოფილების წარმომადგენელმა მას შვებულებაში გასვლაც ურჩია, რომლის მოწმედ დაკითხვაც, „სასამართლომ არ ისურვა“.
„სამწუხაროდ, ეს და სხვა მრავალი ფაქტობრივი გარემოება, სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში გადაწყვეტილების მიღებისას“, – განაცხადეს „საიაში“ და დასძინეს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
„იმედს ვიტოვებთ, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები მიიღებენ დასაბუთებულ და კანონიერ გადაწყვეტილებას“.
საგულისხმოა, რომ აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო ასევე 2019 წელს ტელეკომპანია „რუსთავი 2-დან“ საინფორმაციო სამსახურის მაშინდელი უფროსის, ნოდარ მელაძისა და ასევე ყოფილი წამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლება და ტელეკომპანიას მათთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
წინაისტორია
ტელეკომპანია „რუსთავი-2-ში“ ცვლილებები 2019 წლის 18 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ტელეკომპანიის წილები მისმა ყოფილმა მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა გადაიფორმა.
იმავე დღეს, ქიბარ ხალვაშმა არხის მაშინდელი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სამსახურიდან გაათავისუფლა და მის ადგილას თავისივე ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.
წილების დაბრუნებიდან თითქმის ერთი თვის თავზე, ქიბარ ხალვაშმა თქვა, რომ იგი ტელევიზიას ყიდის. თუმცა, ტელევიზიის გასხვისების ერთკვირიანი ვადა ისე ამოიწურა, რომ მყიდველი არ გამოჩნდა.
შედეგად, ხალვაშმა, განაცხადა, რომ იგი ტელევიზიის „საკუთარი ძალებით გაჯანსაღებას“ იწყებდა. მანვე უპირველეს ვალდებულად ტელევიზიის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისგან გათავისუფლება, ხალხის სამსახურში ჩადგომა და მისთვის ნდობის დაბრუნება დაასახელა.
ამის შემდეგ, 2021 წლის 19 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ „ინტერესთა კონფლიქტის“ გამო „რუსთავი 2-დან“ საინფორმაციო სამსახურის მაშინდელ უფროსს, ნოდარ მელაძესა და რამდენიმე სახეს უშვებდნენ.
შედეგად, იმავე წლის 22 აგვისტოს, „რუსთავი 2“ თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა. ტელევიზიიდან წამოსულმა თანამშრომლებმა თითქმის ერთ თვეში ხელისუფლებისადმი კრიტიკული ორი ახალი ტელეარხი – „მთავარი არხი“ და „ფორმულა“ დააფუძნეს.
This post is also available in: Русский (რუსული)