Site icon Civil.ge

პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლების განცხადებები საქართველოს კანდიდატობის დაცვაში ხელს უშლის 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ფოტო: სალომე ზურაბიშვილის Twitter-დან

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაგმო საქართველოს ხელისუფლების რეაგირება ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციაზე და განაცხადა, რომ ეს არ აძლევს მას საშუალებას, რომ „ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს“.

„სამწუხაროდ ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდე უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას მოყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც რეალურად არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელში იმიტომ წავიდა, რომ „ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად“.

„მე მინდოდა ჩასვლა კიდევ საფრანგეთში, პოლონეთში, და შესაძლებელია კიდევაც უკრაინაში, რომელთანაც ერთად ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერი უნდა ვიყოთ თუ არა, არ იქნებოდა ეს დაჩქარებული კანდიდატურის პროცესი, მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი, ამ მოგზაურობაზე [მთავრობის მხრიდან]“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„რადგანაც მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად, და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე. სადაც მე შემიძლია მარტო გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა“.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იგი პასუხისმგებელია კონსტიტუციის წინაშე, რომ „ყველაფერი გავაკეთო რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ წინ წავწიოთ ეს პროცესი“.

„მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესში წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას, და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არ არის იმის ფასად, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

„მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“, – დასძინა პრეზიდენტმა.


ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირის ინსტიტუტებს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მუშაობისკენ მოუწოდებს (ნაცვლად პირდაპირ კანდიდატობის მიცემაზე მოწოდებისა). ამასთან, დოკუმენტი მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს.

მმართველმა პარტიამ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)