Site icon Civil.ge

არასამთავრობოები მოუწოდებენ პრეზიდენტს მიყურადების შესახებ სადავო ცვლილებებს ვეტოს დაადოს

ფოტო: მიხალ იაკუბოვსკი/Unsplash.com

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს ვეტო დაადოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ პარლამენტის მიერ 7 ივნისს მიღებულ ცვლილებებს.

აღნიშნეს რა, რომ ცვლილებები ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული განვითარების კუთხით, უფლებადამცველებმა მოუწოდეს პრეზიდენტს, რომ ვეტო დაადოს საკანონმდებლო ცვლილებებს და „მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს ის პარლამენტს“.

9 ივნისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში არასამთავროებო ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ ცვლილებებით „მნიშვნელოვნად უარესდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის სტანდარტი“.

„[ცვლილებები] არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმებს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკას“.

უფლებადამცველების შეფასებით, „განსაკუთრებით აღსანიშნავია“ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადის გახანგრძლივება და ის, რომ სახელმწიფოს აღარ აქვს ვალდებულება პირს აცნობოს, რომ იგი თვალთვალის ობიექტი იყო.

შესაბამისად, არასამთავრობოები ამბობენ, რომ იგი ვერასდროს გამოიყენებს გასაჩივრების უფლებას, ვერ ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ვერ დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.

მათივე თქმით, „მიღებული კანონი აზრს უკარგავს იმ დადებით ცვლილებებს, რომლებიც კანონმდებლობაში 2014 წელს განხორციელდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ევროპის საბჭოს ექსპერტების აქტიური ჩართულობით“.

მათვე ხაზი გაუსვეს, რომ ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით არსებულ კანონმდებლობა ისედაც ხარვეზიანია და რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონი რამდენიმე არასამთავრობომ და 300-მდე მოქალაქემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა „4 წელია სასამართლო საბოლოო გადაწვეტილების მიღებას აჭიანურებს“.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED); „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI); „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC); „ლიბერალური აკადემია“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI); „უფლებები საქართველო“; „ღია საზოგადოების ფონდი“.

სადავო ცვლილებები

მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ 2022 წლის აპრილში ინიცირებული სადავო ცვლილებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადა ექვსიდან ცხრა თვემდე იზრდება და შესაძლებელი ხდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დამატებით 27 ტიპის დანაშაულთან დაკავშირებით.

77 ტიპის დანაშაულთან დაკავშირებით, ცვლილებები პირის წინააღმდეგ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განუსაზღვრელად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა ისე, რომ მათ არც იცოდნენ ამ თვალთვალის შესახებ.

სხვებთან ერთად ამ 77 ტიპის დანაშაულში ასევე შედის: არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი); დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა; ბირთვული მასალისადმი ან მოწყობილობისადმი, რადიოაქტიური ნარჩენისადმი, რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობა; არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში; ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა და სხვ.

„ვხედავთ, რომ საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას დაჩქარებული საპარლამენტო პროცედურებით, აუცილებელი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონსულტაციებისა და ევროპულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის სათანადო ანალიზის გარეშე“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პარლამენტის მიერ ცვლილებების დამტკიცების შემდეგ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)