საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველომ ნატოში გაწევრიანებამდე ტერიტორიული მთლიანობის საკითხი უნდა მოაგვაროს, უკმაყოფილება მოჰყვა.
„არა ვართ მიამიტები. გვესმის, რომ საქართველოს პრობლემები აქვს. ჯერ ის უნდა გადავჭრათ და მერე გავხდეთ ნატოს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატოელი პარტნიორების აზრი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა 21 ივნისს კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას.
ხაზი გაუსვა რა ქართული ოცნების მთავრობის მოტივაციას და „მზაობას“ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე, მან აღნიშნა, რომ „მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე არ არის ყველაფერი დამოკიდებული. ნატოში გაწევრიანებას ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფოს კონსენსუსი სჭირდება“.
პრემიერმინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქართველების 80% მხარს უჭერს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, ხოლო ქართული ოცნების უმრავლესობამ 2017 წელს საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელა, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსად ევრო-ატლანტიკური კურსი განისაზღვრა.
„ეს იყო ჩემი პირველი პრემიერმინისტრობის დროს, 2015 წელს, როდესაც ნატოსთან ერთობლივი წვრთნების ცენტრი გავხსენით. მაშინ, გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი იმყოფებოდა თბილისში. ამიტომ, ეს ჩვენი ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის მკაფიო დემონსტრირებაა“.
მოდერატორის კითხვაზე, ენდობა თუ არა იგი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რომელთან ურთიერთობაც საჭიროა საქართველოს ტერიტორიული საკითხების გადასაჭრელად, ღარიბაშვილმა უპასუხა – „2008 წელს სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. 90-იან წლებში, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა, ორი ომი გამოვიარეთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში… რუსები 30 წლის წინ ამ სეპარატისტულ ჯგუფებს ეხმარებოდნენ“.
„რუსეთის წინააღმდეგ ბოლო 30 წლის განმავლობაში სამჯერ ვიბრძოლეთ. ამდენად, ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში – ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღდგეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით“.
ხელახლა დასმულ კითხვაზე – ენდობა თუ არა იგი პუტინს, თუ ეს უკანასკნელი სიტყვას მისცემს – პრემიერმინისტრმა უპასუხა – „ჩვენ, 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, კონტაქტი არ გვქონია. პოლიტიკური კონსულტაციები არ წარმოებულა. მხოლოდ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს. ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ“.
ოპონენტების გამოხმაურება
პარტია საქართველოსთვის წევრმა, კახაბერ ქემოკლიძემ, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი და მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსია, განაცხადა, რომ პრემიერმინისტრის განცხადება „ძალიან დამაზიანებელი“ და „რუსეთისთვის საჩუქარია“.
ქემოკლიძემ Facebook-ზე დაწერა, რომ „სინამდვილეში, პირიქით უნდა იყოს! ჯერ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კი არ უნდა გადავწყვიტოთ (ეს წარმოუდგენლად რთული და გრძელი გზაა), ჯერ ჩვენი სრული ინტეგრირება უნდა მოვახდინოთ ევრო და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში“.
„ეს ტექტონიკურად ზრდის ქვეყნის განვითარების ტემპს და მიმზიდველობის ხარისხს. სწორედ ეს უკანასკნელი გახდება მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის“, – აღნიშნა მან.
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ Twitter-ზე დაწერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, ფაქტობრივად, „უარს ეუბნება ნატოს იმის თქმით, რომ საქართველომ ჯერ ტერიტორიული პრობლემები უნდა მოაგვაროს და შემდეგ გაწევრიანდეს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)