Site icon Civil.ge

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე დატოვა

ეროვნული ბანკის შენობა, წყარო: NBG

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 22 ივნისს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა.

თავის გადაწყვეტილებაში ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა, რომ „ბოლო პერიოდის გლობალურ გამოწვევად კვლავ მაღალი ინფლაცია და ინფლაციური რისკები რჩება“. ბანკმა განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ აგრესიის საპასუხოდ,  რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეფერხებამ, ასევე ომის გამო უკრაინიდან ექსპორტის მკვეთრმა შეზღუდვამ, მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტები, ნედლეული და ენერგორესურსები მნიშვნელოვნად გააძვირა.

„ამასთან ერთად, რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან გაზრდილმა ხანგრძლივვადიანმა ვიზიტებმა ადგილობრივ ბაზარზე ბინის ქირა მკვეთრად და მყისიერად გაზარდა, რასაც  მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა როგორც ჯამურ (0.6 პროცენტული პუნქტი), ასევე საბაზო ინფლაციაზე (1.1 პროცენტული პუნქტი)“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.  

ინფლაცია საქართველოში 

ეროვნული ბანკის თქმით, „მაღალი გაურკვევლობის“ მიუხედავად, არსებობს მოლოდინი, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ფასები მეტად აღარ გაიზრდება და შესაბამისი ინფლაციური ზეწოლა წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემცირდება.

ბანკმა ასევე აღნიშნა, რომ საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში მაღალ დონეზე ნარჩუნდება, „რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო მეორე მხრივ, უცხოური ვალუტის სესხების გააქტიურების შედეგია“.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 3 აგვისტოს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)