Site icon Civil.ge

ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამიტის ფარგლებში მსოფლიო ლიდერებს შეხვდა 

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ნატოს 2022 წლის მადრიდის სამიტზე, ფოტო: ირაკლი ღარიბაშვილის Twitter-დან

ნატოს მადრიდის სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 29 ივნისს მსოფლიო ლიდერებს, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს, ასევე ამერიკელ დეპუტატებს შეხვდა.

შარლ მიშელთან შეხვედრაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიოტეტების შესასრულებლად დაუღალავად იმუშაოს.

„მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში“, – დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე შეხვედრის შემდეგ.

საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები იყო ღარიბაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა მზადყოფნა გამოხატა, რომ გააღრმავოს საფრანგეთთან თანამშრომლობა და პრეზიდენტი მაკრონი საქართველოში მოიწვია.

პრემიერმა ღარიბაშვილმა ბრიტანელ კოლეგასთან, ბორის ჯონსონთან შეხვედრაზე სტრატეგიულ პარტნიორობასა და მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელა.

მოგვიანებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა Twitter-ზე დაწერა, რომ „ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რაც მოიცავს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში წვლილის შეტანას და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას“.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებსაც შეხვდა. დელეგაციას სენატის საგარეო კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი ტომ ტილისი ხელმძღვანელობდნენ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც „საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული“. ამავე ინფორმაციით, „გამოითქვა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა“.

იმავე დღეს, ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის სამეფოს პრემიერმინისტრს, მაგდალენა ანდერსონს შეხვდა. განსახილველ საკითხთა შორის ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების „პოზიტიური დინამიკა“ და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იყო.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორია და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ მოდერნიზაციასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“.

მადრიდში პრემიერმინისტრთან ერთად ასევე იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)