აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველოში გავრცელებული „მზაკვრული ნარატივი“, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ქვეყნის ჩათრევა სურს, „რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა“.
30 ივნისს, „თბილისი პრაიდის“ რეგიონულ ლგბტ+ კონფერენციის ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ „შეერთებულ შტატებს არ სურს ამ ომის გავრცელება არსად. შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად შესაჩერებლად“.
„ეს აგრესია და სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ სწორედ პუტინმა დაიწყო და სწორედ პუტინს შეუძლია ამ ომის შეჩერება“, – აღნიშნა დეგნანმა.
მიმდინარე თვეში აშშ-ის ელჩი საჯაროდ უკვე მეორედ გამოეხმაურა ომში ჩათრევის შესახებ ბრალდებას. ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა რამდენიმე ექსპერტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის მხარდაჭერასთან დაკავშირებით დასავლეთის მხრიდან მზარდი კრიტიკის სამიზნე გახდა. ექსპერტების მოსაზრებები ფართოდ გააშუქა ტელეკომპანია „იმედმა“.
გუშინ დეპუტატებმა დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და სოზარ სუბარმა, რომელთაც მმართველი პარტია დატოვეს, აშშ-ის ხსენების გარეშე განაცხადეს, რომ „საქართველოს [ევროკავშირის] კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა“.
- კელი დეგნანი: აშშ საქართველოს ომში ჩათრევას არ ცდილობს
- ქართული ოცნება უარყოფს ბრალდებას, თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებს
- კელი დეგნანი ქართულ ოცნებას „გაუგებარი“ კომენტარების გამო აკრიტიკებს
აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა საქართველოს მეგობრები არიან, რომელთაც ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაფერი გააკეთეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დასახმარებლად.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული. სწორედ რუსეთი ცდილობდა თქვენი ენის განადგურებას. სწორედ რუსეთმა წაბილწა თქვენი ეკლესიები და ისინი ცხოველების სადგომად გამოიყენა“, – აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, „თუ არსებობს რაიმე კითხვები, თუ რას ნიშნავს რუსეთის მეგობრობა საქართველოსთვის, მაშინ უბრალოდ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს უნდა შეხედოთ, რათა დაინახოთ, რომ თქვენი მეგობრები აშშ-სა და ევროპაში არიან. ეს არის საქართველოს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ მიმავალი გზა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)