ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერები ოფიციალურად გასცა. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამივე მათგანი 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სამხედრო დანაშაულების ჩადენაზეა პასუხისმგებელი.
დანაშაულის ჩადენაში, სავარაუდოდ, უშუალოდ მონაწილეობდნენ მიხეილ მინძაევი, დე-ფაქტო ცხინვალის შინაგან საქმეთა მინისტრი 2005-2008 წლებში; ჰამლეტ გუჩმაზოვი, დე-ფაქტო „შს სამინისტროში“ წინასწარი დაკავების განყოფილების მაშინდელი უფროსი და დავით სანაკოევი, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტის მაშინდელი წარმომადგენელი.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების თხოვნით სასამართლოს 2022 წლის მარტში მიმართა. მაშინ პროკურორმა აღნიშნა, რომ მისი დაკავების ორდერის განცხადებები ყურადღებას ამახვილებს ეთნიკურად ქართველ სამოქალაქო პირთა თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სასტიკი მოპყრობის, მძევლების აყვანის და უკანონო გადაყვანის შემთხვევებზე.
თბილისი ჰააგის პროკურორის მიერ 3 ყოფილი ოსი მაღალჩინოსნის დაკავების მოთხოვნას ეხმიანება
სასამართლომ დაავალა ICC-ის რეგისტრატორს, პიტერ ლუისს, რომ ეჭვმიტანილთა დაკავებისა და გადაცემის მიზნით შესაბამის სახელმწიფოებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესახებ მოთხოვნა მოამზადოს.
წინაისტორია
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) თანხმობა მისცა სასამართლოს პროკურორს გამოძიება დაეწყო კაცობრიობის წინაშე ჩადენილ და იმ სამხედრო დანაშაულებზე, რომელთაც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, მისი მიმდინარეობისას და დამთავრების შემდეგ სავარაუდოდ ჰქონდა ადგილი.
პროკურორმა გამოძიების დაწყება 2015 წლის ოქტომბერში ითხოვა და იმ დანაშაულებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც მან „დასაბუთებულად მიიჩნია“, რომ ICC–ის იურისდიქციის ქვეშ ექცევა:
- „ეთნიკური ქართველების მკვლელობები, იძულებით გადაადგილება და დევნა, ასევე მათი ქონების განადგურება და ძარცვა სამხრეთ ოსური ძალების მიერ (რუსული ძალების შესაძლო მონაწილეობით)“;
- „მიზანმიმართული თავდასხმები ქართველ სამშვიდობოებზე სამხრეთ ოსური ძალების მიერ და რუს სამშვიდობოებზე – ქართული ძალების მიერ“.
საქართველო მიესალმა ICC-ის გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყების თაობაზე; რუსეთმა კი ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. საქართველო, როგორც რომის სტატუტის წევრი სახელმწიფო, ვალდებული იყო ICC-სთან ეთანამშრომლა. ხოლო რუსეთი რომის სტატუტის წევრი სახელმწიფო არაა და სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)