ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად მიიღო საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ლგბტ მოქალაქეთა უფლებადამცველი ორგანიზაციის „თბილისი პრაიდისა“ და აქტივისტების სარჩელი 2021 წლის 5 ივლისის ჰომოფობიურ ძალადობასთან დაკავშირებით.
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, რომელიც ჯგუფის ინტერესებს იცავს, იტყობინება, რომ „საქმეს შესაძლოა პრეცედენტული მნიშვნელობა მიენიჭოს“.
ზუსტად ერთი წლის წინ, 2021 წლის 5 ივლისს, დაგეგმილი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილი ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები ფიზიკურად თუ სიტყვიერად დაესხნენ თავს 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ასევე თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს, რომელთაც ლგბტ აქტივისტები და მხარდამჭერები აფარებდნენ თავს. ხელისუფლებიდან/პოლიციიდან უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის ფონზე, იმ დღეს „თბილისი პრაიდმა“ მარში გააუქმა.
ამ ფონზე აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თბილისი პრაიდის“ ოფისზე 2021 წლის 5 ივლისს თავდამსხმელ სამ პირს 5 000-5 000 ლარიანი ჯარიმები აკმარა, შეუწყნარებლობის ნიადაგზე დევნისა და ორგანიზებული ძალადობის ნაწილში კი უდანაშაულოდ ცნო.
რაც შეეხება სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელს, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ქართული ოცნების ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მან ვერ მოახდინა რეაგირება „ჰომოფობიურ ძალადობაზე, თავდასხმებსა და მუქარაზე ლგბტქი+ თემისა და აქტივისტების წინააღმდეგ“.
მოსარჩელეები ითხოვენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების, კერძოდ კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-11 (შეკრების თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევის დადგენას.
ორგანიზაციის თქმით, საქართველოს მთავრობა 2022 წლის 13 ოქტომბრამდე ვალდებულია გასცეს პასუხი სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს საჩივარში წამოჭრილ ყველა საკითხზე.
„სასამართლოს აინტერესებს, ხომ არ წაახალისა ხელისუფლების წევრების განცხადებებმა ის ძალადობა, რომელმაც იფეთქა 2021 წლის 5 ივლისს და რამდენად შეასრულა სახელმწიფომ მასზე ნაკისრი პრევენციისა და ეფექტიანი გამოძიების ვალდებულებები“, – აცხადებს ორგანიზაცია.
ამასთან, სასამართლომ მთავრობას დაავალა, 5 ივლისის უსაფრთხოების გეგმისა და შიდა მასალების წარმოდგენა, კერძოდ შსს-ს მიერ განხორციელებული უსაფრთხოების ღონისძიებების გეგმა 5 ივლისის მოვლენების წინ.
ასევე წაიკითხეთ:
- სტრასბურგმა საქართველოს მთავრობა 2013 წ. ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმის საქმეზე გაამტყუნა
- ღარიბაშვილი: „ღირსების მარშის“ ჩატარება „მიზანშეუწონელია“, მის უკან „რადიკალური ოპოზიცია“ დგას
- პრემიერი: „მოსახლეობის 95% არის წინააღმდეგი პროპაგანდისტული მარშის“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)