Site icon Civil.ge

ირაკლი ღარიბაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი, რობერტ სპანო საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას, ფოტო: ირაკლი ღარიბაშივილის ოფიციალური ვებგვერდიდან

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, თბილისში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს, რობერტ სპანოს შეხვდა და საქართველოს სასამართლო სისტემასა და სტრასბურგის სასამართლოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

შეხვედრის შემდეგ, სასამართლოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცა საქართველოში სტუმრობის შესაძლებლობა, რათა განვიხილოთ ბოლო დროის მოვლენები და დავუდასტუროთ საქართველოს სასამართლო სისტემას და საქართველოს ხელისუფლებას, რომ სასამართლო და ევროპის საბჭო განაგრძობენ წინსვლას მზარდი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მიმავალ გზაზე“.

„ყოველივე ეს ხდება ძალიან მნიშვნელოვან დროს, როდესაც სასამართლოს პრეზიდენტს და ეროვნულ მოსამართლეს მიეცათ საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა“, – დასძინა სპანომ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს „ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადასტურა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და ეფექტიანი კონტროლის განხორციელება“. ამავე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა „კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება“.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ასევე იტყობინება, რომ მხარეებმა მართლმსაჯულების მიმდინარე რეფორმაზეც ისაუბრეს. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ „წლების განმავლობაში სასამართლოში განხორციელებული რეფორმების შედეგად მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა ეს საკმარისი არ არის და რეფორმირების პროცესი გრძელდება“.

რობერტ სპანოს ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაცია წარუდგინა, რომელთანაც ერთ-ერთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს კანონი, რომლის თანახმადაც, ქართული სასამართლოები პროაქტიულად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებს საკუთარ გადაწყვეტილებებში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია, მეხუთე სექციის სამდივნოს ხელმძღვანელი ვიქტორ სოლოვეიჩიკი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)