საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ვენას სტუმრობს, 8 ივლისს ავსტრიის კანცლერს კარლ ნეჰამერს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერმინისტრი, რომელსაც ვენაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე ახლავს, ასევე შეხვდა ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, ვოლფგანგ სობოტკას და მასთან საქართველოსა და ავსტრიის საპარლამენტო ჯგუფებს შორის თანამშრომლობაზე იმსჯელა.
ავსტრიის კანცლერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, საქართველოს პრემიერმინისტრმა საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პირობა დადო.
„ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ ამ პროცესში ჩაერთოს არა მხოლოდ მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება, არამედ ოპოზიციურმა პარტიებმაც და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმაც მიიღონ მონაწილეობა, იმისთვის, რომ ეს პროცესი გახდეს ინკლუზიური და უზრუნველყოფილი იყოს ფართო ჩართულობა. ჩვენ ამის გარანტიას ვაძლევთ ჩვენს პარტნიორებს და ჩვენს ევროპელ მეგობრებს“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა.
ავსტრიასთან ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ, გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, ვაჭრობა, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა“.
თავის მხრივ, ავსტრიის კანცლერმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაგრძელების მიმართ. ამ კუთხით, კანცლერმა განაცხადა, რომ მან თავის ქართველ კოლეგას აუხსნა, თუ რატომ თქვა ევროპულმა საბჭომ უარი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე. მან საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი და ამ საქმეში ქვეყანას ავსტრიის მხარდაჭერას დაპირდა. კანცლერმა ისიც აღნიშნა, რომ იმისთვის, რომ განხორციელდეს უწყვეტი ეკონომიკური ინვესტიციები, „ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი უსაფრთხოება“. მანვე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ერთობლივი მუშაობის საჭიროებას გაუსვა ხაზი.
კომენტარები ომისა და დემოკრატიის შესახებ
უკრაინის შესახებ საუბრისას, პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მას „აშფოთებს“ ის, რაც ხდება უკრაინაში. „ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ეს ომი შეწყდეს და აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა“, განაცხადა მან. ღარიბაშვილის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ვითარება „საკმაოდ რთულია“.
საქართველოში დემოკრატიის ხარისხისა და ბოლოდროინდელი აქციების შესახებ დასმული კითხვების საპასუხოდ, ღარიბაშვილმა განაცხადა: „თქვენ, ალბათ, არ ყოფილხართ თბილისში და არ იცით, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში. ჩვენ სიტუაცია დრამატულად შევცვალეთ ბოლო ათი წლის განმავლობაში. ჩვენ რეალურად ჩავიბარეთ ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი და დღეს საქართველო გახდა ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი დემოკრატიისა“.
„დემონსტრაციების გამართვა ნებისმიერი დემოკრატიისთვის არის დამახასიათებელი, ყველა ქვეყანაში იმართება დემონსტრაციები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს დემონსტრაციები, ისევე როგორც სხვა, დასრულდა უშედეგოდ. მთავრობა არის სტაბილური, მყარი, ძლიერი და ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას“, – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)