საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა 11 ივლისს გამართულ საჯარო დისკუსიაზე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მიერ საქართველოში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის ანგარიშის მიგნებები და რეკომენდაციები განიხილეს.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დისკუსია, რომელსაც CPT-ის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზების წარმომადგენლები დაესწრნენ, მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის გაანალიზებისთვის.
მან ხაზი გაუსვა, რომ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრების არასათანადო მოპყრობის სისტემური პრაქტიკა აღმოიფხვრა, თუმცა იქვე დასძინა, რომ „გამოწვევები, რომლებიც შეეხება გარკვეულ არაფორმალურ იერარქიებს თუ სტრუქტურას, შეიძლება არსებობდეს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღეს სწორედ ყველა ეს პერსპექტივა მოვისმინოთ და გავაანალიზოთ, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ პენიტენციურ დაწესებულებებში“.
შეხვედრის შემდეგ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა უარყო ციხეებში კრიმინალური სუბკულტურისა და ე.წ. „ობშიაკის“ არსებობა და განაცხადა, რომ „როგორ უნდა ვილაპარაკოთ კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერებაზე მაშინ, როცა 2020 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა არ დაადასტურა საქართველოში კრიმინალური სუბკულტურის არსებობის ფაქტი პენიტენციურ დაწესებულებებში?“.
თუმცა, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თავისი აპარატის ანგარიშზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ციხეებში ფიზიკური ძალადობის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა, „რისი მოტივიც იყო ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ჩართულობა და ძალადობა სხვა პატიმრებზე“.
„როდესაც ზონებში შედიხარ, ძალიან საგრძნობია – და CPT-ის წარმომადგენელიც საუბრობდა ამაზე – რომ კონკრეტული პატიმრები დაგყვებიან და არ აძლევენ სხვა პატიმრებს საშუალებას, რომ შენთან შემოვიდნენ კომუნიკაციაში“, – აღნიშნა მან.
CPT-ის ანგარიში
CPT-ის ანგარიში კომიტეტის მიერ 2021 წლის 17-24 მაისს განხორციელებული ვიზიტის შედეგებს ეფუძნება, ხოლო მტკიცებულები ძირითადად, გეგუთის მე-14, ქსნის მე-15 და რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოიპოვეს. CPT-ის წარმომადგენლები ქუთაისის მე-2 დაწესებულებას, ასევე კლინიკა „ვივამედის“ იმ პალატასაც ესტუმრნენ, სადაც ზოგჯერ პატიმრები სამკურნალოდ გადაჰყავთ.
CPT-მა აღნიშნა, რომ მას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების არასათანადო მოპყრობის არცერთ ფაქტზე, თუმცა ანგარიშში პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ბევრი სხვა ხარვეზია გამოვლენილი.
დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა საკნის გარე აქტივობების, დასაქმების, საგანმანათლებლო და სპორტული პროგრამების რაოდენობის გაზრდის საჭიროებაზე.
CPT-მ ასევე ხაზი გაუსვა, რომ არ არსებობს პატიმრების გადანაწილების მკაფიო პოლიტიკა და აღნიშნა, რომ არანაირი ძალისხმევა არ განხორციელებულა რეციდივისტებისა და პირველადი დამნაშავეების განცალკევებისთვის, რაც ახალგაზრდების (ნებით თუ მის გარეშე) დანაშაულებრივ ქსელში ჩართვის რისკებს ქმნის, ნაცვლად იმისა, რომ მათ სოციალური რეაბილიტაციის რეალური პერსპექტივები შესთავაზონ.
კომიტეტმა ასევე განაცხადა, რომ ციხეები კადრების ნაკლებობას განიცდის, რაც „პერსონალს სრული კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას უზღუდავს“.
დელეგაციამ შეშფოთება გამოხატა პატიმართა საკნებს შორის არსებული სერიოზული სხვაობის გამო, რაც, მათი თქმით, აშკარად მიუთითებს კრიმინალური იერარქიის არსებობაზე.
ამ ფონზე, პატიმრებმა დელეგაციას ასევე დაუდასტურეს იერარქიისა და პატიმართა უკანონო თანხების არსებობა. მათივე თქმით, თანასაკნელები მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მათი და ოჯახის წევრების სიკვდილით ემუქრებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ პატიმრებს არ შეეძლოთ, ან, იშვიათად, არ სურდათ „ობშიაკში“ ფულის შეტანა.
„ბევრ პატიმარს აშკარად ეშინოდა დელეგაციასთან საუბრის. ზემოაღნიშნული ფაქტორების ერთობლიობამ პატიმრებს შორის ძალადობის, დაშინებისა და გამოძალვის მაღალი რისკი განაპირობა“, – დასძინა დელეგაციამ.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის დელეგაციას მიკოლა გნატოვსკი ხელმძღვანელობდა.
მთავრობის პასუხი
ანგარიშში ნათქვამია, რომ ვიზიტის შემდეგ, იუსტიციის მინისტრთან საუბრისას „მინისტრი არ შეეწინააღმდეგა დოკუმენტის დასკვნებს პატიმართა არაფორმალური იერარქიის გავლენისა და ნახევრად ღია ტიპის ციხეებში პატიმრებს შორის ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით“.
სანაცვლოდ, მთავრობამ წარმოადგინა ციხის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც სამი ციხე ჩანაცვლდება მცირე დაწესებულებებით, რაც „უფრო ორგანიზებული და ინდივიდუალური აქტივობების განხორციელებას და შესაბამისი კატეგორიის მეტი პერსონალის ყოლას“ უზრუნველყოფს.
CPT-ის ანგარიშის თანახმად, მთავრობა ასევე გეგმავს პატიმართა არაფორმალური იერარქიის ლიდერების გამოყოფას ციხის დანარჩენი პოპულაციისგან, რათა „აღმოიფხვრას მათი გავლენა სხვა პატიმრებზე“.
დოკუმენტის თანახმად, ვინაიდან რეფორმები COVID-19-ის გამო გაჭიანურდა, სამინისტრომ „დაარწმუნა“ CPT, რომ 2025 წლისთვის ყველა რეფორმა განხორციელდება.
- მთავრობის პასუხის შესახებ მეტი დეტალისთვის მიჰყევით ბმულს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)