ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 12 ივლისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ევროკავშირის მიერ გაცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესში ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.
ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ „ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტში“, ერთადერთი პრიორიტეტი წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაა, რისთვისაც ხელისუფლების, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების მთელი ძალისხმევა სწორედ ამ მიზნისკენ უნდა იყოს მიმართული.
- ევროკომისიის მოხსენებითი ბარათი: რეკომენდაციები საქართველოსთვის
- კომისიის რეკომენდაცია საქართველოზე: ჯერ პირობების დაკმაყოფილება, შემდეგ კანდიდატის სტატუსი
„მიუხედავად იმისა, რომ მიზნამდე მისასვლელ გზებზე შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები, არის საკითხები, რომლებიც ცალსახაა თავად რეკომენდაციებიდან და არ ტოვებს სხვაგვარი განმარტების სივრცეს“, – განაცხადეს უფლებადამცველებმა.
ხაზი გაუსვეს რა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებით განსაზღვრულ საკითხებზე ისინი წლებია მუშაობენ, ხელმომწერმა ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ მათ მათი ანგარიშები, ხედვები და მოსაზრებები „მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება რეფორმების და ცვლილებების სწორად, საქართველოს საჭიროებების გათვალისწინებით წარმართვისთვის“.
იმის გათვალისწინებით, რომ „სამოქალაქო ორგანიზაციების კოორდინაციაზე და ეფექტიან ჩართულობაზე პასუხისმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ აიღო“, არასამთავრობოებმა შალვა პაპუაშვილს სამოქალაქო სექტორთან სამუშაო შეხვედრის დროული ორგანიზებისკენ მოუწოდეს.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); საქართველოს სასამართლოს გუშაგი; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); დემოკრატიის ინდექსი-საქართველო; მედიაომბუდსმენი.
ასევე წაიკითხეთ:
- კელი დეგნანი: „შეუდექით მუშაობას“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად
- ქართულმა ოცნებამ ოპოზიციის ნაწილთან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე იმსჯელა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)