Site icon Civil.ge

ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ჯგუფი საქართველოს შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

ევროპის საბჭოს ანტიკორუფციულმა ორგანოს შენობა, სადაც კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის ოფისია განლაგებული, სტრასბურგი, საფრანგეთი, ფოტო: coe.int

ევროპის საბჭოს ანტიკორუფციულმა ორგანომ – „სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ“ (GRECO), 13 ივლისს პარლამენტის წევრებთან, მოსამართლეებთან და პროკურორებთან მიმართებით კორუფციის პრევენციის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2021 წლის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ზომებს აფასებს.

GRECO-ს დასკვნით, ჯამში გაცემული 16 რეკომენდაციიდან საქართველომ ამ დრომდე დამაკმაყოფილებლად შეასრულა ან დამაკმაყოფილებელი წესით დაარეგულირა 8 (მათგან 1 ბოლო ერთ წელში), 6 ნაწილობრივ შეასრულა, 2 კი – საერთოდ არ შეუსრულებია.

წინა ანგარიშის მსგავსად, ორი შეუსრულებელი რეკომენდაციიდან ერთი მოსამართლეთა იმუნიტეტის მხოლოდ იმ საქმიანობით შემოფარგვლას გულისხმობს, რომელიც მათ მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებასთან არის დაკავშირებული. მეორე შეუსრულებელი რეკომენდაცია ქონებრივი დეკლარაციების წარმდგენ პირთა წრის გაფართოებას და მათში ყველა პროკურორის ჩართვას ეხება.

ანტიკორუფციული ორგანო საქართველოსგან შეუსრულებელ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ანგარიშს 2023 წლის 30 ივნისადმდე ელის.

პარლამენტის წევრებთან მიმართებით კორუფციის პრევენცია

პარლამენტის წევრებთან მიმართებით, GRECO წუხილს გამოთქვამს, რომ შესაბამისობის მეორე ანგარიშის მიღების შემდეგ, დანარჩენი რეკომენდაციების შესრულების კუთხით არანაირი ხელშესახები პროგრესი არ ყოფილა.

„ხელისუფლების ორგანოებს არ წარმოუდგენიათ შესაბამისი ინფორმაცია კანონპროექტებთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციების პროცედურის მარეგულირებელი უნიფიცირებული ნორმატიული ბაზის შემუშავების შესახებ“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანტიკორუფციული ორგანოს განცხადებით, სრულად ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა ეთიკის საბჭო და კონფიდენციალური კონსულტაციები ჯერ არც პარლამენტის წევრებისთვის გაუწევიათ. GRECO ასევე წუხილს გამოთქვამს, რომ „არანაირი პროგრესი არ არის პარლამენტის წევრთა ინტერესთა შეუსაბამობის დაუყოვნებლივ გამჟღავნების ვალდებულების შემოღების მიმართულებით“.

კორუფციის პრევენცია მოსამართლეებთან მიმართებით

მოსამართლეებთან მიმართებით, GRECO კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა დაწინაურების კონკურენტული პროცედურა შესაბამისობაშია მისი რეკომენდაციის მოთხოვნებთან. თუმცა, GRECO-ს სერიოზული ეჭვები აქვს კონკურსის გარეშე მოსამართლეთა დაწინაურებასთან დაკავშირებით და მოუწოდებს ხელისუფლებას მოუწოდებს გააუქმოს ამგვარი წესით დაწინაურება.

GRECO ასევე მიესალმება მიესალმება საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც შეეხება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურას.

თუმცა, ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მიუკერძოებლობა, შესაძლოა, ვერ იქნას უზრუნველყოფილი, როდესაც საქმეს ხელმეორედ განიხილავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იგივე შემადგენლობა და რომ არ არსებობს ანტიჩიხური მექანიზმი, რომელიც თავიდან აიცილებს სიტუაციას, როდესაც ვერ გროვდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ორი მესამედის უმრავლესობა.

GRECO ასევე კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მიიღეს და გამოაქვეყნეს სამოსამართლო ეთიკის განახლებული წესები. კომპეტენტურმა ორგანოებმა ასევე ორგანიზება გაუწიეს ტრენინგს სამოსამართლო ეთიკის განახლებულ წესებთან დაკავშირებით. GRECO მოუწოდებს კომპეტენტურ ორგანოებს ჩაატაროს კონფიდენციალური კონსულტაციები, გააძლიეროს ტრენინგღონისძიებები და განახლებულ წესებთან დაკავშირებით წარმოადგინოს კომენტარები და განმარტებები.

მოსამართლეთა წინააღმდეგ დისციპლინურ სამართალწარმოებაზე საუბრისას, GRECO-მ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გაუქმდა დისციპლინურ საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით გადაწყვეტილებების მიღების მოთხოვნა და მოუწოდა კომპეტენტურ ორგანოებს შემოიღონ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა გასაჩივრების უფლება.

კორუფციის პრევენცია პროკურორებთან მიმართებით

GRECO მიესალმება საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური გადაცდომების კატეგორიების შესახებ ბრძანების დამტკიცებას, ძალაში შესვლასა და გამოქვეყნებას, რომელიც უფრო ზუსტად განსაზღვრავს დისციპლინურ გადაცდომებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შიდა კანონმდებლობა ითვალისწინებს ადეკვატურ სახდელებს დისციპლინური გადაცდომების სხვადასხვა კატეგორიასთან მიმართებით.

თუმცა, ორგანიზაცია სინანულს გამოთქვამს, რომ წინ არ მიდის ხელისუფლების ორგანოების მხრიდან მუშაობა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის კუთხით და არ არის რაიმე ხელშესახები პროგრესი ქონებრივი დეკლარაციის წარმდგენ თანამდებობის პირთა წრის გაფართოების მიმართულებით.

GRECO მოუწოდებს ხელისუფლების ორგანოებს გააძლიერონ ძალისხმევა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ასამოქმედებლად, რაც ყველა პროკურორისთვის სავალდებულოს გახდის ქონებრივი დეკლარაციების წარდგენას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)