Site icon Civil.ge

ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიშის პროექტი განიხილა

ევროპარლამენტის შენობა სტრასბურგში. ფოტო: europarl.europa.eu

ევროპარლამენტმა 13 ივლისს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტარ სვენ მიკსერის მიერ წარდგენილი ყოველწლიური ანგარიშის პროექტი განიხილა. მიკსერმა საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდა.

ევროპარლამენტარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტი მოუწოდებს ხელისუფლებას რეფორმების განსახორციელებლად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები შეასრულოს, რათა „ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება ქვეყნის ამბიციური ევროპული მისწრაფებების განხორციელების მიზნით“.

მიკსერის თქმით, ანგარიშში სინანულია გამოთქმული იმის გამო, რომ „ღრმა პოლარიზაცია საქართველოს პოლიტიკური გარემოს მკაფიო მახასიათებლად რჩება“ და ევროკავშირის შუამავლობით 2021 წლის 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ მიმავალ გზად განიხილავს.

მომხსენებელმა ხაზი გაუსვა, რომ „მართლმსაჯულების ჭეშმარიტი და გააზრებული რეფორმა“ უნდა განხორციელდეს, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნას ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზები მოსამართლეთა და გენერალური პროკურორის დანიშვნასთან დაკავშირებით. „ეს აუცილებელია იმისათვის, რომ პროცესი სრულად შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს“, – დასძინა მან.

ევროპარლამენტარის თქმით, საჭიროა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საფუძვლიანი რეფორმები განხორციელდეს და დარჩენილი წევრები დაინიშნონ.

მისივე თქმით, „ნაჩქარევი და არაგამჭვირვალე ქმედებების პრაქტიკა ძირითადი დანიშვნების ან ინსტიტუციური ცვლილებების დროს მხოლოდ აძლიერებს აღქმას, რომ მართლმსაჯულების სისტემა პოლიტიზირებულია“.

ევროპარლამენტარმა ხაზი გაუსვა გასული წლის სავარაუდო უკანონო მიყურადების შესახებ გამოძიების ნაკლებობას და ხელისუფლებას „ეფექტიანი გამოძიებისკენ“ მოუწოდა. ევროპარლამენტარმა ასევე აღნიშნა, რომ პროექტში შეშფოთებაა გამოხატული იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლითაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების არეალი გაფართოვდა და მათი განხორციელება დამატებით 27 ტიპის დანაშაულთან დაკავშირებით გახდა შესაძლებელი.

თავის დასკვნაში სვენ მიკსერმა აღნიშნა, რომ ეს არის პროექტის „ზოგიერთი ძირითადი პუნქტი“ და საბოლოო ვერსიაში ბევრი სხვა საკითხიც აისახება. ევროპარლამენტი ანგარიშს და მასში შესატან ცვლილებებს, სავარაუდოდ, მოგვიანებით, წლის ბოლოსკენ უყრის კენჭს.

ევროპარლამენტარების კომენტარები 

ანგარიშის პროექტზე საუბრისას, ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში რაღაც უბიძგებს ევროპას, რომ ოპტიმისტურად არ უყურებდეს უახლოეს მომავალს.

„ვფიქრობ, ჩვენ მივედით რაღაც სისტემატურ გამოწვევამდე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში“, – აღნიშნა მან. „რა თქმა უნდა, იდეალური დროა საქართველოსთვის უთანხმოებების მოსაგვარებლად და ხარვეზების აღმოსაფხვრელად და იმედი მაქვს, რომ მმართველი პარტია გამოიჩენს პოზიტიურ და კონსტრუქციულ მობილიზაციას [და] ინიციატივას, რათა ყველა პოლიტიკური პარტია მოიწვიოს ამ პროცესში მონაწილეობისთვის. ეს საქართველოს გადაწყვეტილებას ეხება და არა ჩვენს მომავალს“.

ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა, რომ ვინაიდან საქართველო ისტორიული შესაძლებლობის წინაშე დგას, მან „აუცილებელი ქმედებები და რეფორმები უნდა განახორციელოს შემდეგ შეფასებამდე 2022 წლის ბოლოსთვის“. „ჩვენ წლებია აღვნიშნავთ, რომ საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობა უკან იხევს“, – დასძინა მან.

მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ქართული საზოგადოების ევროპულ მისწრაფებებზე ოპოზიციასთან და სხვებთან ერთად იმუშაოს. „საქმე არ ეხება პარტიებს ან პიროვნებებს, ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია თქვენი ქვეყნისთვის, ამ მომენტში თქვენ გარდა არავინ გიშლით ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებაში“, – განაცხადა მან.

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მოუწოდა საქართველოს მმართველ ელიტას „შეცვალოს თავისი დამოკიდებულება“. „მე გულწრფელად ვუჭერ მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რადგან ქართულმა საზოგადოებამ და მისმა მთავრობებმა ამისთვის ბევრი იშრომეს და ამას იმსახურებენ, თუმცა საქართველოს ესაჭიროება ინკლუზიური მთავრობა და განსხვავებული დამოკიდებულება საპირისპირო მოსაზრებების მიმართ“, – აღნიშნა მან.

ევროპარლამენტარმა ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს ევროპარლამენტარების არაერთი მოწოდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე. ამის მაგალითად, ანა ფოტიგამ რამდენიმე მსგავსი გახმაურებული შემთხვევა მოიყვანა, როდესაც სხვა ქვეყნებში ბრალდებულები ციხის ნაცვლად შინაპატიმრობაში მოათავსეს.

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ანგარიში იქნება შესაძლებლობა, რომ საქართველოს მმართველ პარტიას ევროკომისიის 12 რეკომენდაცია აუხსნან, რომელიც მას „ან არ ესმის, ან ვითომ არ ესმის“.

მან ხელისუფლება პოლარიზაციის ზრდის მცდელობის გამო გააკრიტიკა, რომელიც, მისი თქმით, „გარშემო ყველას ადანაშაულებს, არამარტო ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ აშშ-ს ელჩს და ახლა ევროკავშირს, რომ ჩვენ საქართველოს ომისკენ ვუბიძგებთ, რაც სისულელეა“. „ეს კრემლის პროპაგანდას ჰგავს. კრემლი ამბობს, რომ დასავლეთია ყველაფერში დამნაშავე და ახლა იგივე რამეს საქართველოს მმართველი პარტია ამბობს“, – დასძინა მან.

ევროპარლამენტარმა დეოლიგარქიზაციაზეც ისაუბრა, რა დროსაც განაცხადა, რომ როგორც ჩანს, ქართულ ოცნებას არ ესმის, რომ „ოლიგარქი არის ადამიანი, რომელსაც აქვს ბევრი ფული და რომელიც იპყრობს სახელმწიფოს და რომელსაც შეუძლია საკუთარი დაცვა და ყოფილი მრჩევლები და თანაშემწეები მინისტრებად ან პრემიერმინისტრებად დანიშნოს. ამრიგად, საქართველოში ერთადერთი [ასეთი] ადამიანი ბიძინა ივანიშვილია“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)