ფინანსური დანაშაულის სააღსრულებლო ქსელისა (Financial Crimes Enforcement Network (FinCEN) და აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს (BIS) ანგარიშმა საქართველოში ინტერესი 11 ივლისს მას შემდეგ გამოიწვია, რაც ოპოზიციური პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ამ საკითხს ბრიფინგი მიუძღვნა. 28 ივნისით დათარიღებული ანგარიშის თანახმად, საქართველო ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც შეზღუდული ექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში ხორციელდება.
მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ტვირთები, რომელთაც შეუძლიათ რუსეთისა და ბელორუსის სამხედრო და თავდაცვითი შესაძლებლობები გააძლიერონ. მათ შორისაა თვითმფრინავის ნაწილები და აღჭურვილობა, ანტენები და GPS სისტემები.
„ზოგიერთ შემთხვევაში, აშშ-ის მიერ კონტროლირებადი პროდუქცია შეიძლება ლეგალურად იყოს ექსპორტირებული ამა თუ იმ იურისდიქციაში, სხვა მზა პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის სახით“, – ნათქვამია ანგარიშში. „თუმცა ამ მზა პროდუქციისა და საქონლის შემდგომი ექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში, პოტენციური დამატებითი სატრანზიტო პუნქტების გავლით, შესაძლებელია აიკრძალოს“.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ნებისმიერი ცვლილებების გამოვლენის მიზნით, ბიურო განაგრძობს სიტუაციის მონიტორინგს ისტორიულ სატრანზიტო ტენდენციებთან მიმართებით. ბიუროს თქმით, ვინაიდან პოტენციური სატრანზიტო პუნქტების სია არასრულია, მას შეუძლია ექსპორტთან დაკავშირებული ფინანსური ტრანზაქციების რისკების შემოწმებაში დახმარების გაწევა.
სატრანზიტო პუნქტების სია კიდევ 17 ქვეყანას შეიცავს, მათ შორის, სომხეთსა და თურქეთს, რომლებიც სატრანზიტო პუნქტებად გამოიყენება იმ ფონზე, როდესაც რუსეთი და ბელარუსი უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დაკისრებული სანქციებისთვის თავის არიდებას ცდილობენ.
„სამოქალაქო საქართველო“ დეტალების დასაზუსტებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)