Site icon Civil.ge

კარლ ჰარცელი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრობს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ფოტო: eeas.europa.eu

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა 14 ივლისს მოქალაქეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხები გამოაქვეყნა, რომლებიც საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და იმ ძირითად საკითხებს მოიცავს, რომლებიც ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულებას შეეხება.

კითხვაზე, – „რამდენად უკავშირდებოდა საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი იმ ფაქტს, რომ ჩვენს ქვეყანაში არ მიმდინარეობს სამხედრო ოპერაციები?“ – კარლ ჰარცელმა უპასუხა, რომ „ევროკომისიამ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მათი დამსახურებების მიხედვით და დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეაფასა. ამ კრიტერიუმებს შორის ნამდვილად არ არის სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობა“.

ხაზი გაუსვა რა, რომ ევროკავშირის საქართველოს „ძლიერი“ პარტნიორია, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ „სულ ახლახან, ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც დიდი მიღწევაა“.

ბოლო დროს გავრცელებულ მოსაზრებაზე საუბრისას, რომ დასავლეთს საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვა სურს, ელჩმა ჰარცელმა თქვა, რომ ეს სიმართლეს „კატეგორიულად არ შეესაბამება. გულწრფელად ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს, ევროკავშირისა თუ აშშ-ის მიმართ“. „არც აქამდე ყოფილა ასეთი სურვილი და არც მომავალში დადგება ისეთი მომენტი, როდესაც ევროკავშირი ამ ომის შემდგომ გავრცელებას მოინდომებს“, – დასძინა მან.

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ კონკრეტულ ვადებზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ელჩმა ჰარცელმა განაცხადა, რომ „გაწევრიანების ტემპი დამოკიდებულია რეფორმების პროცესში წინსვლაზე , უპირველეს ყოვლისა, ფუნდამენტურ სფეროებში, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან, მათ შორის, კანონის უზენაესობასთან, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან და ადამიანის უფლებებთან ყველასთვის, გამონაკლისის გარეშე“. მისივე თქმით, ამისთვის საქართველომ უნდა დაიწყოს მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე, კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ამ პროცესის წარმატებით გასაგრძელებლად.

კითხვაზე – „უნდა იქნას თუ არა 19 აპრილის შეთანხმება გამოყენებული 12 პრიორიტეტზე რეაგირების ერთ-ერთ ნაბიჯად?“ – კარლ ჰარცელმა უპასუხა – „შემთხვევითი არ არის, რომ ევროკომისია თავის მოსაზრებაში „19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაზე“ საუბრობს, რადგან სწორედ ეს შეთანხმება იყო მაგალითი იმისა, თუ რა ტიპის მუშაობაა საჭირო მხარეებს შორის. მხარეებს ახლა მოუწევთ, დასხდნენ და შეთანხმდნენ სამომავლო გეგმებზე, ხოლო 19 აპრილის შეთანხმება კარგ საწყის წერტილად რჩება, როგორც პროცესისთვის, ასევე შინაარსისთვის“.

„მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ელჩმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ საქმეებზე საუბარი მისი მანდატის მიღმაა, „ზოგადად, კანონის უზენაესობის დაცვას, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისათვის. იგივე ეხება საქართველოსაც“.

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაჟინებით მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, დაიცვას მისი, როგორც პატიმრის უფლებები, უზრუნველყოს მისი სათანადო მკურნალობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება“, – აღნიშნა ელჩმა. „ბატონი გვარამიას საქმეც იგივე პრინციპებს ეფუძნება. ეს საქმე ასევე აჩენს შეკითხებს მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც, ბოლო დროს, საქართველოში სტრესულ გარემოში აღმოჩნდა“.

კითხვაზე თუ რამდენად შეიძლება ხელისუფლების და ოპოზიციის პოზიციამ ქვეყანა დეპოლარიზაციამდე მიიყვანოს, კარლ ჰარცელმა განაცხადა: „მე მჯერა, რომ 12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელება დეპოლარიზაციის მცდელობებით უნდა დაიწყოს და დასრულდეს. მოკლევადიან პერსპექტივაში საუბარი იქნება საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის პლატფორმისა და დღის წესრიგის შექმნასა და უზრუნველყოფაზე”.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სხვათა მიერ წარმოდგენილი იდეები „შეიძლება სარგებლოდ იყოს გაერთიანებული უფრო ფართო, საერთო დღის წესრიგის განსაზღვრისათვის. ამ მხრივ, მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, თუმცა დეპოლარიზაციის პროცესზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს“.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ლგბტ უფლებებისა და ერთი სქესის მქონე პირთა ქორწინების შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ „ევროკავშირი საქართველოსგან ერთი სქესის მქონე პირთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს“. „რასაც ევროკავშირი ყველა წევრი სახელმწიფოსგან ითხოვს, არის დისკრიმინაციის აკრძალვა და ყველა ტიპის, მათ შორის სექსუალური უმცირესობების დაცვა“, – დასძინა მან.

კითხვაზე უნდა დაიცვას თუ არა მთავრობამ ლგბტ+ პირთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი”, ელჩმა უპასუხა: „მოქალაქეების დაცვა ძალადობისაგან და თითოეული ადამიანის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების უზრუნველყოფა ევროკავშირის და, უდავოდ, ნებისმიერი დემოკრატიის ძირითად ღირებულებებს წარმოადგენს“.

„სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და მოვალეობაა ამ უფლებების დაცვა, გამონაკლისების გარეშე“, – აღნიშნა მან. „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის კონტექსტში შეფასებული იქნება ხელისუფლების მზაობა და შესაძლებლობა, თანაბრად დაიცვას ეს უფლებები ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის უმცირესობებისთვის“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)