თბილისის საქალაქო სასმართლოს მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე, რომელმაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა, ამბობს, რომ ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც 19 ივლისს გვარამიას საქმის განხილვა უნდა დაიწყოს, „პირდაპირ მიუთითებს“, რომ მსჯავრდებული პირველივე სხდომაზე გაამართლოს და ამით, თითქოსდა მის მიერ დაშვებული „ძველი შეცდომები გამოასწოროს“.
15 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, მოსამართლე ჩხიკვაძე მიხაელ გალერის მიერ ევროპარლამენტში 13 ივლისს განცხადებას პასუხობს და უცხოელ აქტორებს ქართველი მოსამართლეების გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებს.
ხაზი გაუსვა რა, რომ მას გვარამიას მიმართ „არანაირი პირადი და მით უფრო პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნია“, ჩხიკვაძემ აღნიშნა, რომ „ევროპარლამენტარ გალერის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა“ მის კოლეგებზე, „რომლებმაც უნდა განიხილონ საქმე ზემდგომ ინსტანციაში და რომლებზეც უკვე ღია ზეწოლა იწყება და რომელიც აუცილებლად გაძლიერდება“. ჩხიკვაძემ ასევე დასძინა, რომ მას ამის პირადი გამოცდილება აქვს.
- მედიასაშუალებები ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო შეშფოთებას გამოხატავენ
- მედიის წარმომადგენლებმა ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გამართეს
„საინტერესოა, საკუთარ ქვეყნის მოსამართლეებზე თუ მოახდენდა ამგვარ ზეწოლას და მათთვის პირდაპირი მითითებების მიცემას, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის შედეგთან დაკავშირებით?“, – იკითხა მოსამართლ ჩხიკვაძემ.
მისივე ინფორმაციით, ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, საქალაქო სასამართლოს შენობაში იგი საქართველოში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს, კევინ ბურკს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ „ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა“.
„ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში (სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი“, – თქვა ჩხიკვაძემ.
მისივე მტკიცებით, ყველაფერი ამით არ დასრულებულა და მას „ზოგიერთი პოლიტიკური ძალა“ სანქციებითაც ემუქრება. „არ მინდა რომ იგივე გაიარონ ჩემმა კოლეგა მოსამართლეებმა, რომლებსაც, როგორც უკვე აშკარად ჩანს, ამ საქმის განხილვა მოუწევთ დაუფარავი და დიდი ზეწოლის ქვეშ“.
ჩხიკვაძემ პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, „თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან და მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება მართლმსაჯულება განახორციელონ მშვიდ გარემოში და გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე“.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია 2022 წლის 16 მაისს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დამნაშავედ ორ ეპიზოდში ცნო და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. გვარამიასთვის პატიმრობის მისჯას, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზების, ასევე ომბუდსმენის ოფისია და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენაც მოუწოდა.
ასევე წაიკითხეთ:
- არასამთავრობოების თქმით, გვარამიას დაპატიმრება შერჩევითი სამართლებრივი დევნის მაგალითია
- Amnesty International-ი და Human Rights Watch-ი ნიკა გვარამიას პატიმრობას გმობენ
- ევროპარლამენტარები: ნიკა გვარამიას დაპატიმრება „სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)