ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა საქართველოში 2022 წლის თებერვალში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ, 15 ივლისს ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას აფასებს და ლგბტ+ თემის, რელიგიური უმცირებობების, შრომითი პირობებისა და გარემოს დაცვის შესახებ ხელისუფლებას რეკომენდაციებს სთავაზობს.
ლგბტ+ პირთა უფლებები
მართალია კომისარი მიესალმა სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ძალისხმევას, მან აღნიშნა, რომ „ლგბტ+ ადამიანები კვლავ განიცდიან დისკრიმინაციას განათლების, სამუშაოს, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროებში, განსაკუთრებით არსებული საკანონმდებლო დებულებების განხორციელებაში არსებული ხარვეზების გამო“.
ამ თვალსაზრისით, მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ უზრუნველყოს ლგბტ+ პირთა დაცვა სიძულვილით გამოწვეული დანაშაულებისა და სიძულვილის ენისგან. კომისარმა აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი სამოქმედო გეგმა მზადების პროცესშია, საჭიროა, რომ ის მოიცავდეს კონკრეტულ და დროში გაწერილ ინდიკატორებს წუხილების მოსაგვარებლად და შემუშავებული იქნას ლგბტ+ თემთან და ორგანიზაციებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად.
დუნია მიატოვიჩმა მოუწოდა მთავრობას „განავითაროს და განახორციელოს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა და პრაქტიკა ყველა ფორმის დისკრიმინაციისა და დისკრიმინაციის წაქეზების მიმართ, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ“ და გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული საშუალება ამგვარ შემთხვევებთან საბრძოლველად.
კომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალადობისა და სიძულვილით გამოწვეული დანაშაულების მასშტაბებისა და გავლენის გამო, ხელისუფლებამ უნდა ებრძოლოს დაუსჯელობას ლგბტ+ თემის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის. „ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მათი დაცვა, რათა მათ შეეძლოთ ადამიანის უფლებებათა სრული სპექტრით სარგებლობა, მათ შორის მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით, ძალადობის, დაშინების, შევიწროებისა და მუქარისგან თავისუფალ გარემოში“, – დასძინა მან.
კომისარმა ასევე განაცხადა, რომ პოლიციის, პროკურატურისა და სასამართლოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შეუსრულებლობა თემის წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევებზე პირდაპირ ახალისებს დაუსჯელობას. მან აღნიშნა, რომ „ეფექტური ქმედება ძალადობრივი აქტების წინააღმდეგ“ არის გასაღები საზოგადოების მხრიდან პოლიციისა და სასამართლოს მიმართ ნდობის ზრდისთვის.
ამ თვალსაზრისით, მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ლგბტ+ პირთა მიმართ ძალადობის ყველა შემთხვევა მკაცრად უნდა დაგმოს, ადეკვატურად გამოიძიოს, ხოლო დამნაშავეები დასაჯოს.
კომისარმა ხაზი გაუსვა, რომ „პირველ რიგში საჯარო მოხელეები არ უნდა ჩაერთონ სიძულვილის ენაში“, არამედ სანაცვლოდ ხელი შეუწყონ ტოლერანტობას თემის მიმართ.
მან მოუწოდა ადგილობრივ მედიას, რომ ლგბტი პირთა და მათთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას ჟურნალისტური ეთიკა და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საკითხი განხილულ უნდა იქნას როგორც „სისტემური პრობლემა“, რომელიც ყოვლისმომცველ ზომებს საჭიროებს, მათ შორის პროაქტიულ განათლებას, დაწყებული სკოლებიდან, რაც საზოგადოებაში „ლგბტ პირთა უფლებების გაგებასა და პატივისცემას“ შეუწყობს ხელს.
რელიგიური უმცირესობების უფლებები
კომისარი მიესალმა სამართალდამცვველი ორგანოების შესაძლებლობების განვითარების მიზნით ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებს, რათა მათ რელიგიის ან რწმენის მოტივით ჩადენილი დანაშაულები გამოიძიონ, თუმცა შეშფოთებით აღნიშნა, რომ „რელიგიური უმცირესობები კვლავ აწყდებიან მნიშვნელოვან სირთულეებს ძალადობისა და დაშინებისგან თავისუფალ გარემოში საკუთარი რელიგიის გამოხატვის თვალსაზრისით“.
დუნია მიატოვიჩმა მოუწოდა ხელისუფლებას, რომ რელიგიურ ორგანიზაციებთან იმუშაოს, რათა ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო ზომები შეიმუშაოს და რელიგიური თავისუფლების გამოხატვის წინაშე არსებული დისკრიმინაციული ბარიერები მოხსნას.
მან აღნიშნა, რომ ამისათვის საჭიროა გაიმართოს აზრიანი დიალოგი ყველა რელიგიურ ჯგუფთან, რათა სამლოცველოებისთვის სამშენებლო ნებართვების და პენიტენციურ დაწესებულებებში რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით არადისკრიმინაციული და სამართლიანი პროცედურები ჩამოყალიბდეს.
ანგარიში მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ საზოგადოებასთან რეგულარული კამპანიები აწარმოოს ტოლერანტობის ზრდის მიზნით, ასევე გაიმართოს ტრენინგები ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის, ადგილობრივ დონეზე, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უზრუნველყონ მათ ყველა რელიუგიური ჯგუფის თანასწორი მოპყრობა.
კომისარმა ასევე მოუწოდა ხელისუფლებას რელიგიის მოტივით განპირობებული სიძულივილის დანაშაულები გამოიძიოს და შესაბამისი ძალადობის აქტები დაგმოს. მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს ის წუხილები, რომ სამართალდამცველი სტრუქტურები სათანადოდ არ რეაგირებენ რელიგიურ უმცირესობებზე განხორციელებულ თავდასხმებზე და ზოგჯერ თავდამსხმელების მხარესაც იჭერენ, განსაკუთრებით როდესაც საქმე მუსლიმ თემსა და იეჰოვას მოწმეებს ეხება.
შრომითი უფლებები
კომისარმა დადებითი შეფასა საქართველოში შრომითი უფლებების დაცვის კუთხით გატარებულ რეფორმებს და მოუწოდა ხელისუფლებას, რომ არსებული ხარვეზები საერთაშორისო პრაქტიკასთან თავსებადი მინიმალური ხელფასის დაწესებით მოაგვაროს, ასევე მშობლებისთვის შვებულება თანაბრად ხელმისაწვდომი გახადოს და ზეგანაკვეთური სამუშაოს ასანაზღაურებლად მკაფიო წესები შემოიღოს.
ანგარიში ხაზს უსვამს ხელისუფლების მიერ კანონმდებლობის ეფექტიანი განხორციელებისა და შრომის ინსპექციის საჭირო რესურსებით უზრუნვეყოფის მნიშვნელობას.
კომისარმა მოუწოდა ხელისუფლებას, რომ „ფხიზლად იყოს და გააძლიეროს ძალისხმევა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების პირობების გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორებიცაა წარმოება, მოპოვებითი მრეწველობა და მშენებლობა“.
კომისარი მიესალმა იმ ფაქტს, რომ სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ფორმა გახდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საჭიროა ძალისხმევა „დისკრიმინაციული გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებიც გავლენას ახდენენ ქალების არჩევანზე, პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე დასაქმების სფეროში“. ანგარიშის მიხედვით, ეს მოიცავს მონიტორინგს და გენდერული ანაზღაურების სხვაობის შემცირებას.
რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომლებს, კომისარი მიესალმა გატარებულ ზომებს და მოუწოდა ხელისუფლებას დასაქმებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს, რაც „განათლებასა და პროფესიულ მომზადებაზე გაუმჯობესებულ ხელმისაწვდომობას და სხვა მნიშვნელოვანი ბარიერების აღმოფხვრას მოითხოვს“.
და ბოლოს, ანგარიშში ხაზგასმულია ბავშვთა შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის მიზნით ბავშვთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობა.
გარემოსდაცვითი უფლებები
მართალია კომისარი მიესალმა საქართველოს საკანონმდებლო ბაზას გარემოს დაცვის შესახებ და ქვეყნის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით განხორციელებულ ძალისხმევას, მან მოუწოდა ხელისუფლებას „უზრუნველვყოს საზოგადოების მნიშვნელოვანი და გამჭვირვალე მონაწილეობა ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში“.
ამასთან დაკავშირებით, დუნია მიატოვიჩმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონმდებლობაზე მიუთითა, რომელიც აღიარებს დაინტერესებული მხარეების გამჭვირვალე ჩართულობის მნიშვნელობას გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ეტაპზე, როდესაც საქმე ეხება პროექტებს, რომელთაც გარემოზე ზემოქმედება ექნებათ.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეს მოითხოვს „ყოვლისმომცველ და დროულ ინფორმაციას” და „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ვინაიდან ადამიანის უფლებების პოტენციური დარღვევის მასშტაბები და რისკები ძალიან დიდია“. ამ ფონზე, კომისარმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა გააუმჯობესოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ხარისხი.
მიატოვიჩის თქმით, საჭიროა, რომ საზოგადოების ინფორმირებულობა და განათლება გარემოსდაცვით საკითხებზე ადრეული ასაკიდან დაიწყოს. მან მოუწოდა ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს „საზოგადოების ცოდნის, განათლებისა და ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე“.
ანგარიში რეკომენდაციას იძლევა, რომ გადაიდგას სამართლებრივი და პრაქტიკული ნაბიჯები ჰაერის ხარისხისა და დაბინძურების, ასევე ემისიების კონტროლის და გაუმჯობესების მიზნით.
კომისარმა მიატოვიჩმა ეკომიგრანტების საკითხიც წამოწია და მოუწოდა მთავრობას, რომ კლიმატის ცვლილების პრევენციისა და მასთან ადაპტატიის მიზნით გრძელვადიანი სტრატეგიები შეიმუშავოს.
მისივე თქმით, ხელისუფლებას რეგულარული კავშირი უნდა ჰქონდეს გარემოსდამცველებთან და მათი მუშაობისთვის უსაფრთხო გარემო უზრუნველყოს.
- სრული ანგარიშის სანახავად მიჰყევით ბმულს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)