საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 16 ივლისს თბილისმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყებები ხელმძღვანელების – ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრას უმასპინძლა, სადაც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხები განიხილეს. მხარეებს ცალ-ცალკე შეხვედრები გამართეს საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან.
საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, ილია დარჩიაშვილი მიესალმა მხარეებს შორის გამართულ შეხვედრას და აღნიშნა, რომ „ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხების გადაჭრა, პოზიტიური დინამიკის შექმნა და რეგიონის პოტენციალის განვითარება“.
შეხვედრის შემდეგ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მხარეებმა საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების „ნორმალიზებას“ ისახავს მიზნად.
ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა მირზოიანმა მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრა და ამ მიზნით ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის გამოყენების საჭიროებას გაუსვა ხაზი. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომეხი ტყვეების გათავისუფლებასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებაზეც გაამახვილა ყურადღება.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების სრულად განხორციელების საჭიროებას გაუსვა ხაზი, რაც ორ ქვეყანას შორის „კეთილმეზობლური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებას“ შეუწყობს ხელს.
მინისტრებმა შეხვედრის მასპინძლობისთვის და ორ ქვეყანას შორის დიალოგის გაგრძელებაში დაინტერესებისთვის თბილისს მადლობა გადაუხადეს.
შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრთან
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრებისას, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორმხრივ ურთიერთობებსა და სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივაზე იმსჯელეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა მირზოიანთან შეხვედრაზე „შემდგომში დიალოგის პოზიტიური დინამიკის განვითარების“ საჭიროებას გაუსვა ხაზი. მხარეებმა ყურადღება ასევე დაუთმეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის, ეკონომიკური და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობის მიმართულებით.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს. ამასთან, ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ურთიერთობაზე აზერბაიჯანთან, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)