საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 18 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ღია წერილით მიმართა, რომელშიც აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს საქართველოს შესახებ მიღებული კრიტიკული რეზოლუციაში არაფორმალური მმართველობის შესახებ ჩანაწერი „სრული სიყალბეა“.
მისივე თქმით, არაფორმალური მმართველობის შესახებ „ყოვლად დაუსაბუთებელი“ ბრალდებები და იმაზე საუბარი, რომ ქვეყნის მთავრობა პოლიტიკიდან წელიწადნახევრის წინ საკუთარი ნებით გასული ადამიანის მიერ იმართება“, „განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია“, როგორც პირადად მისთვის, ისე საქართველოსთვის.
პრემიერი რეზოლუციაში ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის „კრემლთან კავშირების“ გამო სანქციების დაწესების შესახებ ჩანაწერსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ბრალდებები „არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად“.
„ოპონენტებს არასოდეს წარმოუდგენიათ პოლიტიკაში თუ მართლმსაჯულებაში ბიძინა ივანიშვილის ჩარევის არცერთი ფაქტი, ის საქართველოში აღარ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ არსებობს რუსეთთან მისი პირადი თუ საქმიანი კავშირის რაიმე პრეცედენტი’, – განაცხადა მან.
აღნიშნა რა, რომ რეზოლუციას ოპოზიციის „რადიკალური ნაწილი საქართველოში პოლარიზაციის კიდევ უფრო გასაღრმავებლად იყენებს, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დოკუმენტი „პირდაპირ იქნა გამოყენებული შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად“.
ამდენად, პრემიერი მიიჩნევს, რომ „ევროპარლამენტის რეზოლუციის უარყოფითი გავლენის სრულად გასანეიტრალებლად, მნიშვნელოვანია, ევროპულმა კომისიამ მკაფიო პოზიცია გამოხატოს იმ უსაფუძვლო ბრალდებების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაშია გამოთქმული“.
„ევროპული კომისიის მიერ მკაფიო პოზიციის გამოხატვა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ევროპული სტრუქტურების მიმართ უსამართლობის განცდა არ გაუღრმავდეს და ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლარიზაციის გაღვივებისთვის არ გამოიყენოს“, – აღნიშნა პრემიერმა ღარიბაშვილმა.
დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა მნიშვნელოვანია ევროკომისია „მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას“, რადგან „არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ქართულ საზოგადოებაში შევინარჩუნოთ მაღალი ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ და ხელი შეეწყოს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას საქართველოში“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)