კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი კიდევ ერთი რუსი ბლოგერი, ალექსეი რომანოვი ამბობს, რომ საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე სადახლოს გამშვებ პუნქტზე დაახლოებით 6-საათიანი ლოდინის შემდეგ საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.
ალექსეი რომანოვმა 19 ივლისს Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას დოკუმენტი გადასცა, რომელშიც უარის მიზეზად „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებებია“ მითითებული.
თავად რომანოვი ვარაუდობს, რომ უარის მიზეზი მისი ჟურნალისტური საქმიანობა და შემოდგომაზე საქართველოში გადაღებული რეპორტაჟებია, როდესაც მოქალაქეები პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავდნენ.
„სამოქალაქო საქართველო“ რომანოვის საქართველოში არშემოშვებაზე მეტი დეტალისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პასუხი მასალაში მიღებისთანავე აისახება.
ალეკსეი რომანოვს Youtube-ის პლატფორმაზე საკუთარი არხი – Романов-ი აქვს, რომლის საშუალებითაც რუსეთის მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს აქტიურად აკრიტიკებს. მედიის ცნობით, წარსულში რუსეთის უშიშროების სამსახურის მხრიდან შევიწროების შემდეგ, იგი გარკვეული პერიოდით საქართველოშიც ცხოვრობდა.
ბოლო პერიოდში, საქართველოში შემოსვლაზე უარი კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილ პირებს უკვე რამდენჯერმე უთხრეს. მაგალითად, მარტში ქვეყანაში არ შემოუშვეს დამოუკიდებელი რუსულენოვანი გამოცემის, „მედიაზონის“ ჟურნალისტი, დევიდ ფრენკელი და ასევე დამოუკიდებელი ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტი, მიხეილ ფიშმანი. საქართველოში შემოსვლაზე ასევე უარი უთხრეს, პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მთავარ მოკავშირეს, ლიუბოვ სობოლს.
ასევე წაიკითხეთ:
- რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს
- საქართველოს მთავრობამ რუსი ოპოზიციონერი ქვეყანაში არ შემოუშვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)