საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 20 ივლისს თბილისში ვიზიტად მყოფ ევროპარლამენტართა დელეგაციის წევრებს შეხვდა. საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ასევე შეხვდებიან პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა და დელეგაციის ხელმძღვანელმა დევიდ მაკკალისტერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
პრეზიდენტის სიტყვა
დევიდ მაკკალისტერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ევროინტეგრაციაზე ისაუბრა და ამ პროცესში ერთობლივად მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
აღნიშნა რა, რომ ევროპარლამენტარების ვიზიტი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტს ემთხვევა, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „ამ დროს მოსმენა ევროპარლამენტარების და მათთვის ჩვენი გზავნილები არის უაღრესად მნიშვნელოვანი“.
ამ კონტექსტში მან მმართველი გუნდის ლიდერები ევროპარლამენტარებთან ერთგვარი „პინგ-პონგისა“ გამართვის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ „ბრალდებები“, თითქოს ევროკავშირი ჩვენგან ომს და მეორე ფრონტის გახსნას ელოდება, „არის მიუღებელი“.
„მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები, რაც არ შეიძლება ითქვას“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „არ შეიძლება, ამ პირობებში დავიწყოთ რამე ფორმის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან იმისთვის, რომ ყველანაირად გვაჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ამ ჩვენს ძალიან რთულ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე“.
პრესკონფერენციაზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც საქართველოს ევროკავშირმა მიანიჭა „არის უაღრესად მნიშვნელოვანი“ და რომელიც „მოითხოვს ჩვენგან, რომ ვიყოთ ღირსნი ამ ევროპული პერსპექტივის“.
ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტმა ევროკომისიის მიერ გაცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე მუშობის დროულად დაწყების აუცილებლობა აღნიშნა, როგორც ბრიუსელში ვიზიტებით, ისე ადგილობრივ საკანონმდებლო დონეზე. „ჩვენ როდესაც [რეკომენდაციების შესასრულებლად] გვაქვს 6 თვე, სრულიად გაუგებარი არის, რომ არ დავიწყოთ ახლავე მუშაობა“.
ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესში, სალომე ზურაბიშვილმა სხვადასხვა ფორმატსა და ჯგუფში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ერთობლივ მუშაობაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ „ყველგან უნდა ვიმუშაოთ! ყველამ ყველგან უნდა იმუშაოს! იმაზე უარი თქვა და ამაზე კი – ასე არ გამოვა… თუ ჩვენ რეალურად გვინდა ის, რასაც ჩვენი საზოგადოების 85% უჭერს მხარს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
„მხოლოდ მუშაობა, ერთად მუშაობა, იმის გარკვევა, რაში ერთმანეთს ვეთანხმებით და არ ვეთანხმებით, ეს ცალ-ცალკე არ ხდება და ეს ძალიან მარტივად, ყველასთვის გასაგები არის. აქ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში უმრავლესობის, რამეთუ მთავარი ბერკეტები არის უმრავლესობის, პარლამენტში იქნება თუ მთავრობაში“, – დასძინა მანვე.
დევიდ მაკალისტერის სიტყვა
თავის მხრივ, დევიდ მაკალისტერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება სათანადოდ არ შეფასდეს. „ეს ქართველი ხალხის, მათი ქვეყნის ევროპული მომავლის მკაფიო მხარდაჭერისა და ქართული ინსტიტუტების მუშაობის აღიარებაა, რათა საქართველო დაუახლოვდეს ევროპის კავშირს“.
მისივე თქმით, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განიხილეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკურმა ძალამ გვერდზე გადადოს განსხვავებები და კონსტრუქციულად იმუშაონ ერთი მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა.
„სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ერთი სიტყვა ყოველთვის თან ახლავს ამ საუბარს და ეს არის პოლარიზაცია“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა და დასძინა, რომ „ჩვენ ვწუხვართ ამის გამო, რადგანაც ქვეყნის პოლიტიკური დისკურსი ხასიათდება მკაცრი რიტორიკით, და კომპრომისზე წასვლისა და ერთად მუშაობის უუნარობით ან სურვილის არარსებობით, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქვეყნისთვის“.
„ეს უნდა შეიცვალოს“, – თქვა დევიდ მაკალისტერმა და აღნიშნა, რომ „პოლიტიკური დაპირისპირება ხელს უშლის საქართველოს პროგრესს და კომისიის 12 პრიორიტეტის სია ამ სიტუაციის მიმართ ჩვენი შეშფოთების გამოხატულებაა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
აღნიშნა რა, რომ ევროკავშირი მოუწოდებს პოლიტიკურ მხარეებს შეთანხმებას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად ძირითადი რეფორმების გატარების გზით მიაღწიონ, მაკალისტერმა ხაზი გაუსვა, რომ „ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ბატონი შარლ მიშელის ჩართვამ აჩვენა ჩვენი ერთგულება უმაღლეს დონზე“.
ევროპარლამენტარმა ასევე აღნიშნა ერთობლივად მუშაობისკენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ძალიან მნიშვნელოვანი“ განცხადებები და დასძინა, რომ „ახლა საქართველოს ხელისუფლებისთვის კრიტიკული მომენტია, რათა მკაფიოდ აჩვენოს თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილება განახორციელოს საკუთარი ხალხის ევროპული ამბიცია“.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მმართველ პარტიას, ოპოზიცის და არასამთავრობო სექტორს, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე საკუთარი იდეები აქვთ, რაც „საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მათ საერთო მიზანს აჩვენებს“.
„[ევროკავშირის] გაფართოება რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას…, ეს პროცესი ეხება ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს და ეს არ ექვემდებარება ვაჭრობას“, – განაცხადა მაკალისტერმა და დაამატა, რომ „საქართველოს შეფასება გაგრძელდება მისი დამსახურებების შესაბამისად, თუ როგორ წარმატებულად დააკმაყოფილებს ის კოპენჰაგენის კრიტერიუმებს ევროკავშირის წევრობისთვის“.
ხაზი გაუსვა რა, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას, ევროპარლამენტარმა დასძინა, რომ „პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა შეასრულონ ეს ლეგიტიმური მისწრაფებები. „იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში, ჩვენი ვიზიტით შევძლებთ, რომ ამ პროცესს გარკვეული ბიძგი მივცეთ“.
“ახლა დროა, საქართველომ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგას ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად. ჩვენ, როგორც ევროპარლამენტი, მოხარულები ვიქნებით მხარი დავუჭიროთ თქვენ ქვეყნას“, – დასძინა დევიდ მაკალისტერმა.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროკომისია საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე ანგარიშს 2023 წლის შემოდგომისთვის წარადგენს
- ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიშის პროექტი განიხილა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)