Site icon Civil.ge

ევროპარლამენტარები ქართველ დეპუტატებს, არასამთავრობოებსა და ომბუდსმენს შეხვდნენ

ევროპარლამენტარები საქართველოს პარლამენტს სტუმრობენ, 20 ივლისი, 2021, ფოტო: საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლები 20 ივლისს საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველს შეხვდნენ და საკითხებთან ერთად საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ევროკომისიის მიერ გაცემულ 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე იმსჯელეს.

ევროპარლამენტართა დელეგაცია თბილისს 20 ივლისს ორდღიანი ვიზიტით ეწვია და მის შემადგენლობაში შემადგენლობაში არიან: ზელიანა ზოვკო, სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, ტიერი მარიანი, ასიტა კანკო. დელეგაციას ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს.

პარლამენტის თავმჯდომარესთან და კომიტეტებთან შეხვედრები

დელეგაციის წევრებს საკანონმდებლო ორგანოში პირველმა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უმასპინძლა. საქართველოს პარლამენტის პრესამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ისაუბრეს. შეხვედრას საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები – ნიკოლოზ სამხარაძე და მაკა ბოჭორიშვილიც ესწრებოდნენ.

საქართველოს პარლამენტისვე ინფორმაციით, შეხვედრაზე პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ „საქართველომ უკვე დაიწყო რეკომენდაციების შესრულების პროცესი და რომ საქართველოს პარლამენტი შემდეგი ექვსი თვის მანძილზე მათ განხორციელებაზე აქტიურ მუშაობას გააგრძელებს“.

პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, გუშინვე ევროპარლამენტარებს ცალკე უმასპინძლეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებით, მხარეებმა „უკრაინაში რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესიასა და იმ მოლოდინებზე ისაუბრეს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ომი უკრაინაში და რა საფრთხეები შეიძლება მან შეუქმნას საქართველოს და მთლიანად შავი ზღვის რეგიონს“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საუბარი სრულად რეგიონში მიმდინარე მოვლენებს დაეთმო და „შიდა პოლიტიკურ განვითარებასა და სიტუაციაზე“ არ უმსჯელიათ. სამხარაძის თქმით, მან ევროდეპუტატებს ისიც უთხრა, რომ რომელიმე ევროპარლმენტარის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადების შემთხვევაში, ის პასუხს „აუცილებლად“ დააბრუნებს.

დელეგაციის წევრები ცალკე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებსაც შეხვდნენ. „…ვისაუბრეთ ევროკომისიის მხრიდან რეკომენდაციების შესრულების პროცესზე, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს და რომელიც ყველა მხარის ჩართულობით უნდა წარიმართოს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

შეხვედრა ოპოზიციასთან

20 ივლისს, ევროდეპუტატები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრაზე ოპოზიციამ სურვილი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტარებმა საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ გაცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესს მონიტორინგი გაუწიოს.

„[ვთხოვეთ, რომ] გაკეთდეს მკვეთრი განმარტებები 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, რათა ქართულ ოცნებას არ მივცეთ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, [დე]ოლიგარქიზაციის საკითხზე ინტერპრეტაციების საშუალება“, – განაცხადა მან.

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, რომ ევრპარლამენტარებმა შეხვედრაზე დაგმეს ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და სხვა თანამდებობის პირების მხრიდან „აგრესიული შეტევა“ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებსა და ელჩებზე.

მისივე თქმით, ევროდეპუტატებმა ქართველ პოლიტიკოსებს ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის შექმნილ ჯგუფებსა და კომისიებში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდეს, რათა „ქართული ოცნებისთვის [ეს] არ გახდეს შემდგომში საფუძველი [იმის თქმის], თითქოს ამ პროცესში არავინ არ იყო ოპოზიციიდან ჩართული“.

პარტია ლელოს დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან ევროპარლამენტარების მიმართ „დეზინფორმაციის“ კამპანიის ფონზე, საქართველოს მიმართ მათი „ინტერესი და გულშემატკივრობა“ არ ნელდება „ერთი წამითაც კი“.

„ისინი [ევროპარლამენტარები] რჩებიან ჩვენი ქვეყნის მეგობრებად და ქმედით პარტნიორებად და კიდევ ერთხელ გვეუბნებიან, დაგვეხმარეთ რომ დაგეხმაროთ“, – თქვა მან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სტრატეგია აღმშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ევროპარლამენტარები ოპოზიციონერი დეპუტატებისგან იმით დაინტერესდნენ, თუ როგორ აპირებენ ისინი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესში მუშობას.

„ჩვენ ვუთხარით, რომ ვაპირებთ, მათ შორის სამოქალაქო სექტორთან ერთად 12-ივე პუნქტთან დაკავშირებით პარალელურად ყველა კანონპროექტის შემუშავებას და ვთხოვეთ, რომ გარკვეული მექანიზმი შეიქმნას, რომლითაც დასკვნა იქნება გაკეთებული ჩვენ მიერ შემუშავებულ კანონპროექტებზეც“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

არასამთავრობოებთან და ომბუდსმენთან შეხვედრები

თბილისში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, 20 ივლისს ევროპარლამენტარებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველსაც უმასპინძლეს და სხვადასხვა მიმართულებით გასატარებელ რეფორმებსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია), თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტარებთან მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმასა და საარჩევნო სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს.

„ევროპარლამენტარები დაინტერესებულები იყვნენ იმით, თუ რა ნაბიჯები არის ამ მიმართულებით გადასადგემლი“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს“ წარმომადგენლის, გია გვილავას თქმით, შეხვედრაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიის შესახებაც ისაუბრეს და ევროდეპუტატებს ამ მიმართულებით „ბევრი კითხვა“ ჰქონდათ.

„ცდილობდნენ გაეგოთ, რატომ შეიძლება ხელისუფლებას აწყობდეს ასეთი კამპანია იმ ადამიანების მიმართ, ვინც ლობირებს საქართველოსთვის სტატუსის მიცემას“, – განაცხადა გვილავამ და დასძინა, რომ ეს ევროპარლამენტარებისთვის არის „აუხსნელი“.

თავის მხრივ, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განმარტა, რომ მან ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე პატიმრობაში მყოფი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას საკითხზე იმსჯელა და მათ უთხრა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი მხრიდან ამ საკითხზე სამომავლოდ კიდევ აპელირება“.

„სააკაშვილთან დაკავშირებითაც დაინტერესდნენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და მივაწოდე ის ინფორმაცია, რასაც ამ წუთას ვფლობ“, – აღნიშნა მან მედიასთან საუბრისას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)