ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ 21 ივლისს, ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის აწ უკვე ყოფილი ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის მოქმედი ელჩი, კელი დეგნანი.
საგულისხმოა, რომ სხვადასხვა საკითხზე კრიტიკული პოზიციის გამო მმართველი პარტიის ლიდერებმა აშშ-ის ელჩს კელი დეგნანსაც უსაყვედურეს. „დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან“, – განაცხადა საპასუხოდ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა, ნედ პრაისმა.
თავის წინა განცხადებებზე დაყრდნობით, ირაკლი კობახიძემ გუშინდელ ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ მმართველ გუნდს კარლ ჰარცელის გაწეული საქმიანობის უარყოფითად შეფასებისთვის „ძალიან მყარი საფუძველი“ აქვს. „დავინახეთ დამოკიდებულება, სადაც ის საქართველოს არ უყურებდა ბოლომდე როგორც სუვერენული სახელმწიფოს“, – განაცხადა მან.
მისივე განცხადებით, კარლ ჰარცელი მოქმედებდა არა როგორც ელჩი, არამედ როგორც პოლიტიკოსი. „სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი მისი საქმიანობის შეფასება, ისე როგორც შევაფასეთ“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის მტკიცებით, ევროკავშირის შუამავლობით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის 19 აპრილის შეთანხმებამდე მიმდინარე მოლაპარაკეებისას მას სახელმწიფოსადმი „შეურაცხმყოფელი“ დამოკიდებულება ჰქონდა, რაც იყო „ძალიან საწყენი“.
„საჯაროდაც უამრავი განცხადება იყო, რაც უარყოფითად შეგვიძლია შევაფასოთ და შეგვიფასებია კიდეც ასე, მაგრამ კულისებში ხდებოდა იმაზე მეტი, ვიდრე საჯაროდ“, – განმარტა მანვე.
აშშ-ის ელჩის მიმართ კრიტიკა
„პერსონალური თავდასხმების“ გამო კელი დეგნანის მიმართ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 20 ივლისის მხარდამჭერ განცხადებაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ არცერთი თავდასხმა არ გვქონია ელჩის მიმართ… დაისვა შეკითხვები რამდენიმე კონკრეტული თემასთან დაკავშირებით, და შეკითხვა ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეფასდება თავდასხმად“.
„ჩვენ მოვისმინეთ [მოსამართლის] შემაშფოთებელი ბრალდება, ამერიკის [შეერთებული შტატების] საელჩოს თანამშრომლის მიმართ, იმასთან დაკავშირებით რომ ის ელჩის სახელით აწარმოებდა ზეწოლას სასამართლოზე“, – თქვა მან და დასძინა, რომ „როდესაც ასეთი ბრალდება ისმის, ამას ჭირდება მკაფიო პასუხი“.
„ამაზე მკაფიო პასუხი არ იყო გაცემული“, – ხაზი გაუსვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ ელჩი დეგნანის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ მის პროგრამებს ვინმეზე ზეწოლისთვის არ იყენებს, „ირიბი პასუხივით“ იყო, რომელსაც დამატები დაზუსტება სჭირდება.
მისივე თქმით, პასუხგაუცემელი კითხვები „ქმნის რისკებს, რომ შეიძლება ხვალ რომელიღაცა სხვა ჩინოვნიკმა შეიძლება აღიქვას ისე, რომ ეს არის ნორმა, როდესაც შენ იბარებ მოსამართლეს, სთხოვ ანგარიშს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით“.
„კლანზე როცა ვსაუბრობთ, თეორიულად რომ ჩვენ წარმოვიდგინოთ კლანი, კლანი მეტი კი არაფერი არ არის – კლანი არის ადამიანების ერთობა, რომელიც იბარებს მოსამართლეებს, სთხოვს ანგარიშს და მერე სჯის, ეს არის კლანი“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოსგან მეტი დახმარების მოლოდინის შესახებ უკრაინის საელჩოს განცხადებაზე პასუხი
„იმედთან“ ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრი კასიანოვის განცხადებასაც უპასუხა, სადაც მან აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოსგან უფრო ეფექტიან დახმარებას მოელოდა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „უკრაინას სურს საქართველო იხილოს მეორე ფრონტად“.
„რაც შეეძლო საქართველოს [უკრაინისთვის] ყველაფერი გააკეთა“, – ხაზი გაუსვა მანვე და დასძინა, რომ უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების პარალელურად, „სადაც კი იყო პრინციპული პოზიცია დასაფიქსირებელი, პოლიტიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით ყველგან დავაფიქსირეთ“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)