ქართული ოცნების დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც გაიმეორა მმართველი გუნდის გზავნილი, რომ „გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია“.
ივანიშვილმა მმართველი პარტიიდან ცოტა ხნის წინ გასული დეპუტატების – მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრისა და შესაძლო „შანტაჟის“ შესახებ დასმულ საჯარო კითხვასაც უპასუხა და თქვა, რომ „ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.
ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის წერილს პოლიტიკოსთა გამოხმაურება მოჰყვა. ქვემოთ ივანიშვილის წერილზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეფასებებია წარმოდგენილი:
მმართველი გუნდის გამოხმაურება
ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნების თავმჯდომარე: „… ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის და გზავნილების შემცველია ბატონი ბიძინას წერილი…. რეალურად, ძალიან ბევრ საინტერესო მინიშნებას შეიცავს ეს წერილი. გვირჩევნია სიღრმეში არ შევიდეთ და საზოგადოებამ თავად გამოიტანოს დასკვნები, იმ მკაფიო გზავნილებიდან, რომლებიც ჩამოყალიბებულია ამ წერილში… ეს ნამდვილად ასეა [გულისხმობს საქართველოს ომში ჩართვაზე]. ჩვენც ხშირად გვისაუბრია ამ თემაზე. არსებობდა სერიოზული რისკი ომში ჩართვის კუთხით. გარკვეული ძალები ამით იყვნენ დაინტერესებული. ჩვენ კონკრეტულად ვსაუბრობდით იმ ძალებზე, რომლებიც ქვეყნის შიგნით აქტიურობდნენ ამ თვალსაზრისით. ესენი იყვნენ კონკრეტული პარტიები, კონკრეტული პოლიტიკოსები, კონკრეტული „ენჯეოები“, ეს იყო უკრაინის ხელისუფლება თითქმის მთლიანად წარმოდგენილი და ესენი იყვნენ პოლიტიკური ოპონენტების ლობისტები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულნი ომის გაღვივების რიტორიკის კამპანიაში…რისკები, ბუნებრივია, რჩება, ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში. აქედან გამომდინარე, ბატონი ბიძინას მოწოდება, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ფხიზლად, აბსოლუტურად რელევანტურია…ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გვქონდეს სათანადო ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირთან“.
კახა კალაძე – ქართული ოცნების გენერალური მდივანი/დედაქალაქის მერი: „ბიძინა ივანიშვილმა დიდი ხანია დატოვა პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარეობა. ის აღარ არის პოლიტიკაში, ასე რომ, ა[ელჩ დეგნანათან] შეხვედრასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს…, უბრალოდ თქვა ადამიანმა, თუ რა მოხდა რეალობაში. იყო მოთხოვნა და განცხადებები გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებას გაეგო იყო ეს შეხვედრა თუ არ იყო, რას ეხებოდა… ჩვენ ხომ მოვისმინეთ არაერთი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, ეს ხომ ციდან მოტანილი თემა არ არის, თუ როგორ მოგვიწოდებდნენ პირდაპირ ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ჩვენი მეგობარი ქვეყნის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი”.
არჩილ თალაკვაძე – ქართული ოცნება: „ჩვენ, ამ შეხვედრაზე [აშშ-ს ელჩისა და ბიძინა ივანიშვილის] არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. დღევანდელი საჯარო განცხადების შემდეგ შევიტყვეთ, რომ ასეთი შეხვედრა შედგა… ამ წერილში ორი მნიშვნელოვანი მომენტია. პირველი – ეს გახლავთ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იმ კითხვებზე პასუხები, რომლებიც ბოლო პერიოდში არაერთხელ დაისვა. ეს წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად გულწრფელი დამოკიდებულება აქვს და თუ როგორი პატრიოტია თავისი ქვეყნის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ის გამჭვირვალედ და ძალიან პირდაპირ ამბობს სიმართლეს, ეს ყოველთვის მისი ხელწერა იყო და მისი ხელწერა იგივე რჩება. საზოგადოება დღეს უკვე ხედავს, თუ რა არის მშვიდობის ფასი. ხედავს, რა არის დემოკრატიული ინსტიტუტების ფასი და ხედავს, თუ რას ნიშნავს, როდესაც კერპთაყვანისმცემლობით კი არ იმართება ქვეყანა, არამედ ისე იმართება, როგორი კონცეფციაც ქართულმა ოცნებამ დაამკვიდრა“.
ოპოზიციის გამოხმაურება
ნიკა მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე: „ომში რომ არ ჩაგრთეთ, ეგ დიდი ფული დამიჯდა, მაგის გამო დიდი მილიონები დავკარგე, თან ეგ ფული თქვენზე უნდა დამეხარჯაო. დაადასტურა დეგნანთან შეხვედრა და სიტყვა არ დაძრა იმ ბრალდებებზე, რომელსაც მისი ხელის ბიჭები უყენებენ აშშ-ს ელჩს და ვაშინგტონს. არ გაემიჯნა იმ ბრალდებებს, რითაც აღიარა, რომ თავადაა ავტორიც და დირიჟორიც იმ ბინძური სიმფონიის, რომელსაც მისი ხელქვეითების ორკესტრი ასრულებს დასავლეთის წინააღმდეგ. უკვე შემდგარი ფაქტია – ივანიშვილი დასავლეთს ჩვენი ქვეყნის მომავლით ევაჭრება. აი, ასე, საქართველო ჩაწოლილი საქონელივით გამოდო დახლზე და ვაჭრობს! ფაქტიც სახეზეა და პოლარიზაციაც. ჩვენ დასავლეთი გვინდა, ის დასავლეთი, რომელსაც ოლიგარქი ივანიშვილი უკვე ღიად უპირისპირდება და მიგვათრევს იმპერიის ორღობეებში. ამ ვითარებაში და ამ ძალასთან შეუძლებელია დეპოლარიზაცია. მაინც რა უნდა დავთმოთ პოლარიზაციის განსამუხტად – ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალი? და რისთვის? ოლიგარქის მილიარდებს რომ ერთი თეთრი არ მოაკლდეს?! ტრიუკი აღარ გაუვა. მის ქონებას, ერთი თეთრი კი არა, მილიარდებიც დააკლდება და საქართველოც გააგრძელებს სვლას, წინ ევროპისკენ“.
გიორგი გახარია – ყოფილი პრემიერმინისტრი/პარტია საქართველოსთვის: „აი, საიდან სადამდე [მოვედით]. სამწუხაროა ეს ყველაფერი. საკუთარი პერსონალური ინტერესებით ქვეყნის მომავლის ვაჭრობამდეც მივედით და ასე იმსხვრევა მითები საერთოდ“.
დავით უსუფაშვილი – ლელო საქართველოსთვის: „კელი დეგნანი ხვდება უამრავ ადამიანს, მათ შორის, მეც და ეს არ ნიშნავს, რომ მე ამის გამო ვარ არაფორმალური მმართველი ან ვინმე სხვა… როდესაც საქართველო არ იყო სათანადოდ მობილიზებული და ჩართული საერთო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, მე სულ არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ჩვენმა სტრატეგიულმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ბიძინა ივანიშვილთან ამ თემებზე საუბარი… ივანიშვილისგან რა ხდება? მარცხენა ხელით უშვებს ე.წ. ტროიკას იმ პროპაგანდისთვის, რასაც აწარმოებს, ახლა გამოვიდა და მარჯვენა ხელით სიტუაციის ჩაცხრომა განიზრახა. მე ვურჩევდი მას, რომ ეს მარჯვენა ხელი გააძლიეროს, გაუწოდოს სერიოზულად შეერთებულ შტატებსაც და ევროპასაც, როგორც აქამდე იყო ათწლეულების განმავლობაში და მაშინ საქართველოც გადარჩება და თვითონაც“.
გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი: „ეს წერილი დასტურია, რომ დღეს ნამდვილად არის ოლიგარქიული მმართველობა და სწორედ ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს ყველაფერს. მეორე, ეს წერილი დასტურია, რომ ის ტრიო არის სწორედ მისი მეორე პროექტი, რომლითაც საქართველოს ბედს ეთამაშება… ეს წერილი დასტურია იმისა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენ ვერ მივიღეთ სწორედ მის გამო… ცრუ დილემების მთავარი ავტორი არის ბატონი ივანიშვილი, ეს წერილი ამის დასტურია. სწორედ ეს ცრუ დილემა არის თითქოს ომის საფრთხე საქართველოში“.
გიგა ბოკერია – ევროპული საქართველოს თავმჯდომარე: „მმართველი გუნდისგან კამპანია იმის თაობაზე, რომ დასავლეთი, აშშ, ევროპა, საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდა და სისხლის გუბეების დაყენებას, გრძელდება. ეს კამპანია და ეს გზავნილი შეუთავსებელია თავისუფალ სამყაროში საქართველოს დაბრუნების ამოცანასთან… ამავე წერილში ეს ადამიანი გვეუბნება, რომ მე კი გატყუებთ და მე ვიცი, რომ თქვენც იცით რომ გატყუებთ, მაგრამ მაინც გატყუებთ“.
შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე: „ეს წერილი ამერიკის მიმართ მორიგი შანტაჟი გახლავთ – აი, მე თუ დავსანქცირდები, მაშინ ვიტყვი, რომ თქვენი ელჩი, თქვენი დავალებით მაიძულებდა ომი დამეწყო რუსეთისთვის… [ეს არის], საუკუნის ტყუილი“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)