ბერმუდის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის ბერმუდის კუნძულებზე რეგისტრირებულმა შვილობილმა სადაზღვევო კომპანიამ (CS Life) ქართული ოცნების დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი 607.35 მლნ აშშ დოლარით აზარალა. ბერმუდის სასამართლომ ივანიშვილის სასარგებლოდ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მარტში მიიღო, თუმცა მოსამართლემ ზარალის ზუსტი შეფასება მოითხოვა. გამოცემა „ბლუმბერგის“ ცნობით, 21 ივლისის სასამართლო მოსმენაზე CS Life-მ მომჩივანის მიერ მოთხოვნილი თანხა არ გაასაჩივრა, თუმცა მათი ადვოკატი ასაბუთებდა, რომ თანხა მხოლოდ ივანიშვილთან დაკავშირებული ანგარიშებიდან უნდა გადაეხადათ და არა საერთო ანგარიშიდან.
ივანიშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული პიარკომპანია Cision-ის მიერ 27 ივლისს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა კომპანიის ეს არგუმენტი და განმარტა, რომ მან თანხა 42 დღის ვადაში, საერთო ანგარიშიდან უნდა გადაიხადოს. „CS Life-ის საჩივრების განხილვამდე თანხა ბლოკირებულ ანგარიშზე შეინახება, რის შემდეგაც, ზარალის საბოლოო მოცულობა გადაიხედება“, – დასძინა მან.
ივანიშვილის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ბანკს ივანიშვილის 1.2 მლრდ აშშ დოლარზე მეტი მართებს, რაც სადაზღვევო კომპანია CS Life-ს მიერ ივანიშვილის აქტივების არაკეთილსინდისიერი მართვის გამო დაიკარგა. ივანიშვილის სპიკერის თქმით სასამართლოს „განჩინება კატეგორიულად უარყოფს Credit Suisse-ისა და მისი შვილობილი კომპანიების მცდელობებს, თავიდან აიცილონ პასუხისმგებლობა მისი პერსონალის მიერ ჩადენილ თაღლითურ ქმედებებზე“.
ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ მარტის ბოლოს დაადგინა, რომ Credit Suisse-ის სადაზღვევო ფილიალისგან ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა „არსებითად 500 მლნ აშშ დოლარზე მეტი“ იზარალეს. მარტში სასამართლომ თქვა, რომ კომპანია CS Life-ი იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ არ მიიღო ადეკვატური ზომები „ანგარიშებზე თაღლითობისა და არასწორი მენეჯმენტის თავიდან ასაცილებლად“.
ასევე წაიკითხეთ:
- ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომში ჩართვის შესახებ მმართველი გუნდის გზავნილს იმეორებს
- ივანიშვილის შვეიცარიულ ბანკთან დავის ფონზე, „ოცნება“ მიანიშნებს, რომ აშშ საქართველოს ომისკენ უბიძგებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)