პარტიაში ლელო საქართველოსთვის 28 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან მათი ორი წევრი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
ლელო საქართველოს წევრის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ტყიბულის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, ძმები – ლაშა და ლერი ბოჭორიშვილები, „რეორგანიზაციის საბაბით“ „პოლიტიკური დევნის“ მსხვერპლნი გახდნენ.
„პოლიტიკური დევნა ოპოზიციის მხარდამჭერებზე, წევრებზე რეგიონებში აქტიურად გრძელდება ქართული ოცნების მიერ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საკრებულოს აპარატიდან გათავისუფლებული ლელოს წევრები დავას სასამართლოში განაგრძობენ და მათ უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ დაიცავს“.
ლაშა ბოჭორიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ღიად განაცხადა, რომ ქართული ოცნების პოლიტიკას მხარს არ უჭერდა და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ოპოზიციის სასარგებლოდ აქტიურობდა, მისი და მისი ძმის „შევიწროება“ დაიწყო. „[ყველაფერი] პრაქტიკულად, ზედაპირზე დევს და ცხადია, რომ ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა ჩემი და ჩემი ძმის წინააღმდეგ“, – ხაზი გაუსვა მან.
ძმები ბოჭორიშვილების პოლიტიკური მოტივით გათავისუფლება არ დაადასტურეს ტყიბულის საკრებულოში და ბრალდებას „აბსურდი“ უწოდეს. საკრებულოში „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრეს, რომ ლელოს წევრები დაკავებული თანამდებობებიდან რეორგანიზაციის შედეგად გაათავისუფლეს.
საკრებულოს განცხადებით, რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც 15 ივლისს დასრულდა, სამართლებრივი ნორმების სრული დაცვით წარიმართა და პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, გათავისუფლებულ თანამშრომლებს შეუძლიათ, რომ შესაბამის ორგანოებს მიმართონ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)