Site icon Civil.ge

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში საინვესტიციო კლიმატზე

ვაშინგტონი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა, ალექს ვონგის ფოტო

საქართველოში საინვესტიციო კლიმატის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიში დადებითად აფასებს ქვეყანაში ბიზნესის, სავაჭრო და ინვესტიციების მიმართულებით არსებულ მარეგულირებელ ჩარჩოსა და კანონმდებლობას, თუმცა ხაზს უსვამს სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „სულ უფრო მზარდია უნდობლობა სასამართლო სექტორის უნარისადმი დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად განსაჯოს კომერციული საქმეები“. იქვე ხაზგასმულია, რომ ზოგიერთი კომერციული საქმე სასამართლოში წლების განმავლობაში ჭიანურდება.

დოკუმენტის თანახმად, კომპანიები უჩივიან მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების არაეფექტიან მიღებას, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის აღსრულების ხარვეზებს, ეფექტიანი ანტიმონოპოლიური პოლიტიკის არარსებობას და სავარაუდო პოლიტიკურ ჩარევას.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები უკრაინაში დაწყებული ომის გამო რუსეთისთვის აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად მოქმედებენ. „საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს“, – ხაზგასმულია დოკუმენტში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც საერთაშორისო ინვესტორებს, მათ შორის, ამერიკულ კომპანიასაც აერთაინებდა და რომელსაც 2016 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის განხორციელების უფლება მიენიჭა. აღნიშნავს რა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წელს კონსორციუმთან ხელშეკრულება შეწყვიტა. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად საქართველოს მთავრობის განცხადებისა, რომ ღრმაწყლოვან პორტს მაინც ააშენებდა, ტენდერი ამ დრომდე არ გამოცხადებულა.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით რეგიონში წამყვან პოზიციას იკავებს.

დოკუმენტი ასევე განიხილავს საქართველოს კაპიტალის ბაზრებს, საბანკო სისტემას, ინვესტიციების წახალისების პოლიტიკას, საკუთრების უფლებებსა და რეგულაციებს, ასევე პრივატიზაციისა და კორუფციის წინააღდეგ ბრძოლაში მთავრობის ძალისხმევას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)