Site icon Civil.ge

ივლისში წლიური ინფლაცია 11.5% იყო

სასურსათო დახლი. წყარო: Mehrad-Vosough / Unsplash.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წლის ივლისში წლიური ინფლაცია 11.5% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – ფასები 0.2%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, წლიურ ინფლაციაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: ტრანსპორტი (20.6%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (16.4%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (13.3%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (8.3%-იანი ზრდა).

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემდეგნაირად გაიზარდა: პური და პურპროდუქტები (29.3%); მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (21.3%); ყავა, ჩაი და კაკაო (18.2%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.1%); ზეთი და ცხიმი (17.5%); რძე, ყველი და კვერცხი (16.9%); თევზეული (14.9%); ხილი და ყურძენი (13.7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (12.7%).

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ჩამოყალიბებაზე კი ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (5.7%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (2.4%-იანი ზრდა); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (2%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.4%-იანი კლება).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)