Site icon Civil.ge

„სირცხვილიას“ დირექტორი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

მოძრაობა „სირცხვილიას“ დირექტორი, გიორგი მჟავანაძე, ფოტო: „სირცხვილიას“ Facebook-დან

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 აგვისტოს ადმინისტრაციული წესით გაამტყუნა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ დირექტორი, გიორგი მჟავანაძე და სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, გიორგი მჟავანაძემ თქვა, რომ „ეს არის დავალებით გადაწყვეტილი საქმე“, რადგანაც მისი გამტყუნების „არავითარი მტკიცებულება“ არ არსებობდა. „სრული სიგიჟეა…, ყველა ლოგიკით უნდა გავმართლებულიყავი“, – დასძინა მან. ინტერნეტგამოცემა „პუბლიკას“ ცნობით, გიორგი მჟავანაძე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

საქმე 17 მაისს, გვიან ღამით, თბილისის პოლიციის გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში მომხდარ ინციდენტს ეხება. მაშინ „სირცხვილიაში“ ამბობდნენ, რომ განყოფილებაში ჯარიმის ქვითრის წამოსაღებად მისულ მჟავანაძეს პოლიციელებმა სცემეს და დააკავეს, შსს-ში კი თქვეს, რომ ის სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

თავის მხრივ, მჟავანაძის დაკავებისას სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც დაიწყო. თუმცა, გამოძიების შედეგები ამ დრომდე უცნობია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)