Site icon Civil.ge

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები შეარჩია

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ფოტო: cesko.ge

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლმენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეობის ორი და წევრობის ასევე ორი კანდიდატი წარუდგინა.

პრეზიდენტს ცესკოს წევრობის ორ ვაკატურ თანამდებობაზე ჯამში სულ ოთხი კანდიდატი უნდა აერჩია, თუმცა მან კანდიდატები მხოლოდ ერთი ვაკანტური პოსტისთვის აირჩია, მეორის შესარჩევად კი – ხელახალი კონკურსი გამოაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ პოსტზე ქრისტინე ქაჯაია და ლევან ისაკაძე შეარჩია.

რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარის პოსტს, ამ თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.

თამარ ალფაიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებვერდზე ატვირთული ავტობიოგრაფიის მიხედვით, იგი 2001 წლიდან სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმინობას ეწევა და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში კითხულობდა და კითხულობს ლექციებს, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში და სხვ. თამარ ალფაიძე მშობლიურ ქართულთან ერთად, ასევე ფლობს რუსულ, ინგლისურ და ესპანურ ენებს. თამარ ალფაიძე 2022 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ამასთან, ალფაიძე 2020 უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კონკურსშიც მონაწილეობდა. 2019 წლის შუალედურ არჩევნებში იგი მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატიც იყო.

რაც შეეხება რევაზ ეგაძეს, იგი ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. იგი ასევე ფლობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრის ხარისხს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის სპეციალობით. მისი ავტობიოგრაფიის მიხედვით, 2022 წლიდან არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სწავლების პროცესის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი. 2017-2020 წლებში იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. 2017 წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით, იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის 21-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე. 2008-2015 წლებში, მას გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, შემდეგ კი – გამგებლის მრჩევლის თანამდებობები ეკავა.


პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის შესარჩევად კონკურსი 13 ივლისს გამოაცხადა. ცესკოს თავმჯდომარეობის სურვილი ჯამში 5-მა, წევრობის კი – 10-მა კანდიდატმა გამოხატა. წევრობის მსურველთაგან სამს არასრული დოკუმენტაციის გამო უარი პირველივე ეტაპზე უთხრეს.

საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის 5 მსურველიდან 3-ის კანდიდატურა წარუდგინა, მათ შორის იყო ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც ამ კონკურში უკვე მესამედ მონაწილეობდა, თუმცა, ამჯერად, სალომე ზურაბიშვილმა მისი კანდიდატურა აღარ აარჩია.

სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის, „გარკვეულწილად მოულოდნელი იყო [პრეზიდენტის] ეს გადაწყვეტილება“. „ჩემთვის უცნობია იმ გარემოებების და მოტივების შესახებ, რაც საფუძვლად დაედო ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ორჯერ უკვე ვიყავი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი… ამიტომ, საინტერესო იქნებოდა მოგვესმინა განმარტებები, რომელიც ადმინისტრაციას ამ მიმართულებით ექნება, თუ ასეთი იარსებებს“, – დასძინა მან.

რაც შეეხება ცესკოს წევრობის მსურველებს, საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს დარჩენილი 7 კანდიდატიდან მხოლოდ 5 წარუდგინა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)