დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჯერ კიდევ მოქმედმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ 10 აგვისტოს გავრცელებულ მიმართვაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოსტზე თითქმის 10-წლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობას ტოვებს და საქმიანობას სამეცნიერო და პედაგოგიური მიმართულებით განაგრძობს.
გამყრელიძემ წასვლის მიზეზები და ზუსტი დრო არ დაასახელა და მხოლოდ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ცენტრის მიერ სხვადასხვა მიმართლებით მიღწეულ წარმატებასა და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. ამ კონტექსტში, მან განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში ცენტრის მთლიანი წარმომადგნელობის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაო აღნიშნა.
„სამწუხაროდ ამ პერიოდის მანძილზე ყველა დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელი არ იყო. წინ კვლავ ბევრი ამოცანაა შესასრულებელი და პრობლემაა აღმოსაფხვრელი… მწამს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა და განათლება უნდა იყოს ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი, რაც შემდგომ განაპირობებს ცოდნაზე და გამოცდილებაზე დამყარებულ ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას, მდგრადობას, კეთილდღეობასა და სწორ განვითარებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.
„ქვეყნის განვითარებისა და არსებული პროგრესის შენარჩუნებისთვის“, მან საქართველოს ევრო-ატლნტიკური სივრცის წევრობის, ევროსტრუქტურებთან მეტი დაახლოებისა და ინტეგრაციის, ასევე „ჩვენი მთავარი პარტნიორის, აშშ-ის დარგობრივ ინსტიტუციებთან თანამშრომლობის“ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჰქონდა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და თანადგომა პარტნიორი უცხოელი კოლეგებისგან, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორ[ებ]ის მიმართ, რომელთა მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ცენტრის მუშაობის გაძლიერება, არამედ ქვეყნის ერთიანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესება“, – ხაზი გაუსვა ამირან გამყრელიძემ და იმედი გამოთქვა, რომ „შემდგომი თაობა განაგრძობს და კიდევ უფრო გააღრმავებს პარტნიორებთან თანამშრომლობას“.
მანვე მმართველ გუნდს, განსაკუთრებით კი – ჯანდაცვის სამინისტროსა და პანდემიის მართვისას შექმნილ უწყებათაშორისი საკოორდინციო საბჭოს წევრებს „ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივის“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ნათქვამია, რომ „ყველაფერი, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული“. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო, სამედიცინო დარგში მოღვაწეობის მეოთხე ეტაპი მთავრდება. რამდენად წარმატებულად გავიარე ეს მიმდინარე ან სხვა გასული ეტაპები მომავალში კოლეგები, ჩვენი საზოგადოება და დრო შეაფასებს“, – დასძინა ამირან გამყრელიძემ წერილის დასასრულს.
ამირან გამყრელიძის გადადგომის შესახებ პირველად 5 აგვისტოს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ვაჟა აზარაშვილმა განაცხადა და თქვა, რომ მის მოვალეობას დროებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია შეასრულებს. კითხვაზე – ხომ არ უკავშირდება გამყრელიძის წასვლა პანდემიის მართვას? – მინისტრმა უპასუხა, რომ ეს „არ არის კავშირში პანდემიამდე ან პანდემიის პროცესში მიმდინარე მოვლენებთან. ის ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ასევე ღირსეულად ტოვებს თანამდებობას“.
მოგვიანებით, 8 აგვისტოს, წასვლის შესახებ ინფორმაცია უკვე თავად ამირან გამყრელიძემაც დაადასტურა და განმარტა, რომ „საქმე რომ არ იქნას მიშვებული“, უფლებამოსილების გადაცემის პროცესისთვის „გარდამავალი პერიოდის გეგმას“ შეიმუშავებენ. მანვე ხაზი გაუსვა, რომ იგი თანამდებობას საკუთარი გადაწყვეტილებით ტოვებს, მმართველ გუნდთან „არავითარი დაპირისპირება“ არ აქვს და გზას უბრალოდ ახალგაზრდებს უთმობს.
პანდემიის მართვის პროცესში ე.წ. მწვანე პასპორტებსა და სხვა საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის გამო პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ეპიდემილოგებთან და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ, ეკატერენე ტიკარაძესთან დაპირისპირებაზე მედია ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრიდან საუბრობდა. თუმცა, მაშინ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს წევრებს შორის დაპირისპირება უარყო. საგულისხმოა, რომ ცნობებიდან მალევე თანამდებობა დატოვა ეკატერინე ტიკარაძემ.
- ტიკარაძე ორი კოვიდ პასპორტის ქონის იდეას ქართული გენის „განსაკუთრებულობით“ ამართლებს
- საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდა
ვაქცინაციის საკითხსა და მწვანე პასპორტების გაუქმებაზე პრემიერთან დაპირისპირება ამირან გამყრელიძემ არც მიმდინარე წლის თებერვალში დაადასტურა და თქვა, რომ „როგორ შეიძლება, პრემიერმინისტრსა და ინსტიტუტის დირექტორს შორის იყოს დაპირისპირება, მე ხომ პოლიტიკური ფიგურა არ ვარ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)