Site icon Civil.ge

ხელვაჩაურის სამხედრო გაწვევის სამსახურის უფროსი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

ფოტო: facebook.com/MIAofGeorgia/

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 11 აგვისტოს განაცხადა, რომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ქრთამის აღების ფაქტზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი თენგიზ ქიქავა დააკავეს.

სუს-ის განცხადებით, ქიქავას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროსი (ი.ლ) დაუკავშირდა (სუს-ის ცნობით, იგი დანაშაულის ჩადენისას, სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედი უფროსი იყო, თუმცა თანამდებობიდან ერთი თვის წინ გაათავისუფლეს) და ერთ-ერთი მოქალაქისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის არაოფიციალურად გადავადება სთხოვა.

სუს-ის განმარტებით, დასახელებული პირები შეთანხმდნენ და შუამავლის (ბ.გ) დახმარებით, ერთ-ერთ მოქალაქეს სამხედრო სამსახურის გადავადებისთვის ქრთამის სახით 1 500 ლარი გამოართვეს. აღებული ქრთამიდან ოზურგეთის გაწვევის სამსახურის მაშინდელმა უფროსმა 200 ლარი შუამავალ პირს მისცა, 500 ქიქავას, 800 კი – თავად დაიტოვა.

ქიქავას მიმართ გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ქრთამის აღებაში თანამონაწილების მუხლებით მიმდინარეობს (სსკ-ის 25-ე; 338-ის, მე-2-ის – „გ“). მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ქიქავას 7-11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მანამდე,, 9 აგვისტოს, სუს-ში განაცხდეს, რომ ამავე საქმეზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროსი და მასსა და ქიქავს შორის შუამავალი პირი დააკავეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)