საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით სამხრეთ აფრიკას სტუმრობს, სადაც პარლამენტის ზედა პალატის სპიკერს, ამოს მასონდოს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სამხრეთ აფრიკელი კანონმდებლები დაინტერესდნენ საქართველოს პარლამენტის მიერ საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მიზნით გადადგმული ნაბიჯებით და ზოგადად, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებით.
ამავე ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკელმა კანონმდებლებმა საქართველოში სტუმრობის სურვილი გამოთქვეს, რათა „ადგილზე გაეცნონ ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს კორუფციასთან ბრძოლის, სიღარიბის შემცირების, საზღვრის მართვის და სახელმწიფო სერვისების განვითარების სფეროებში“.
სამხარაძემ აღნიშნა, რომ ვიზიტს „განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია, რადგან ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სტუმრობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას“.
ქართული დელეგაცია ასევე შეხვდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებს, სადაც ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებასა და არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ სფეროებში, როგორიებცაა – ვაჭრობა, ტურიზმი, რეფორმები, სოფლის მეურნეობა, სპორტი და განათლება.
ნიკოლოზ სამხარაძემ სამხრეთ აფრიკელ კოლეგებს გააცნო საქართველოს ძირითადი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიან გზებზე, არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობასა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. სამხრეთ აფრიკულმა მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან – ქართული ოცნების დეპუტატი, დავით კაჭარავა; გირჩის დეპუტატი, ალექსანდრე რაქვიაშვილი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ბექა დვალი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)