ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭომ 11 აგვისტოს განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საკონსულტაციო საბჭოს წევრის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ კონკურსის „დაუგეგმავი და ნაჩქარევი“ გამოცხადება ისე, რომ პოტენციურ კანდიდატებს შესაძლოა არც ჰქონოდათ მის შესახებ ინფორმაცია, უარყოფითი პრეცედენტია და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შესახებ კითხვებს აღძრავს.
განცხადებას წინ უძღვოდა კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განცხადება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა. განცხადება იუსტიციის სამინისტროს მიერ საკონსულტაციო საბჭოს წევრის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსს ეხმიანება და აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური მინიმუმ 2024 წლამდე არის საკონსულტაციო საბჭოსა და მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის წევრი.
განცხადების თანახმად, ნინო ბაქაქური „წინასწარ არ იყო ინფორმირებული კონკურსების ჩატარების წესის დამტკიცებისა და მისი გამოცხადების თაობაზე. მას, აღნიშნულ ორგანიზაციებში, წევრობის ვადამდე შეწყვეტის თხოვნით, არც უფლებამოსილი ორგანოებისთვის მიუმართავს“. კოალიცია ხაზს უსვამს, რომ ამ პირობებში კონურსის გამოცხადება „კითხვებს აჩენს და სასამართლო სისტემის შიგნით განსხვავებული აზრის დევნაზე არსებულ ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს“.
საკონსულტაციო საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ მისი ამოცანაა „ხელი შეუწყოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას და კომპეტენციას“, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლითაა გარანტირებული და რომ „წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან პატივი სცენ ამ მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას“.
საბჭო აღნიშნავს, რომ მართალია ქვეყანას აქვს უფლება ახალი წევრი მისი მანდატის ამოწურვამდე შეარჩიოს, საეჭვოა იუსტიციის სამინისტროს 27 ივლისის გადაწყვეტილება, რომ კონკურსის წესები შეცვალოს და 2 აგვისტოს ახალი კონკურსი გამოაცხადოს, სადაც განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 6 აგვისტოს ამოიწურა.
„საბჭო იზიარებს კოალიციის წუხილებს კონკურსის დროისა და პროცედურულ ასპექტებთან დაკავშირებით (საბჭოს მოქმედი წევრისთვის შეუტყობინებლობას და პროცედურის ნაჩქარევ ხასიათს), ვინაიდან ამან, შესაძლოა, პროცესის ხარისხზე მოახდინოს გავლენა“, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.
საკონსულტაციო საბჭომ შეაქო ბაქაქური საბჭოს მუშაობაში შეტანილი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის და მოუწოდა იუსტიციის სამინისტროს უზრუნველყოს კონკურსის მაღალი სტანდარტებით წარმართვა, რა დროსაც კანდიდატების შერჩევა მათი კომპეტენციის, კეთილსინდისიერებისა და დამოუკიდებლობის კრიტერიუმებით მოხდება.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)