Site icon Civil.ge

საქართველოს ლიდერები ერევანში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანებიან 

საქართველოსა და სომხეთის დროშები, ფოტო: facebook.com/ArmEmbGeorgia/

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მწუხარება გამოხატეს სომხეთში ფოიერვერკების საწყობში მომხდარი აფეთქების გამო.

14 აგვისტოს ერევანში მომხდარი აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა და, როგორც ამ ეტაპისთვისაა ცნობილი, 16 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ნანგრევებში ჩამარხულთა ძებნის სამუშაოები კვლავ გრძელდება.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ ძლიერ დამწუხრებულია ერევანში მომხდარი აფეთქების გამო. „სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და სიძლიერეს და სიმტკიცეს ვუსურვებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მუშაკებს. მე სომეხი ხალხის გვერდით ვდგავარ“.

„დამწუხრებული ვარ სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პიროტექნიკის საწყობის აფეთქების და დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ამბის გამო. ვუსამძიმრებ ჩვენს სომეხ მეგობრებს ამ გლოვის ჟამს. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია ამ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებისა და ახლობლებისადმი“, – დაწერა პრემიერმა ღარიბაშვილმა Twitter-ზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ასევე მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

„ინფორმაცია ერევანში მომხდარი ძლიერი აფეთქების შესახებ შოკისმომგვრელია. სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ რთულ დროს, ჩვენს სომეხ მეგობრებს სოლიდარობას ვუცხადებთ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)