რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოს მოქმედმა და მომავალმა წევრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა „საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ 2008 წლის ომი იყო რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მისი მეზობელი ქვეყნებისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართ. „როგორც ახლა უკრაინაში ვხედავთ, რუსეთმა ეს პოლიტიკა გააგრძელა“, – განაცხადეს მათ.
„ჩვენ ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმდინარე უხეშ დარღვევას“, – ნათქვამია განცხადებაში. საბჭოს წევრებმა დაგმეს რუსეთის „უკანონო“ შეჭრა და მისი შეიარაღებული ძალების ყოფნა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე მის მიერ საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები.
ამასთან, საბჭოს წევრებმა დაგმეს რუსეთის „არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ“, ასევე საქართველოს რეგიონებში მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესი; საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები და გატაცებები; გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და გამშვები პუნქტების ხანგრძლივი ჩაკეტვა; ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული დისკრიმინაცია და მათთვის მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების წართმევა.
მათ საქართველოს მოქალაქეების – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის გამოუძიებელ მკვლელობებზეც გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ დამნაშავეები კვლავ დაუსჯელნი რჩებიან.
განცხადებაში ასევე საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2022 წლის ივნისის გადაწყვეტილებაზე 2008 წლის ომის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე დაპატიმრების ორდერების გაცემასთან დაკავშირებით.
ხელმომწერი ქვეყნები შეშფოთებულნი არიან იმის გამოც, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ადამიანის უფლებათა დაცვის არცერთ საერთაშირისო მონიტორინგის მისიას არ მიეცა ოკუპირებულ რეგიონებში შეუზღუდავად შესვლის შესაძლებლობა. უშიშროების საბჭოს წევრებმა რუსეთს მოუწოდეს, ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისს და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო და რეგიონულ მექანიზმებს რეგიონებში შეუფერხებელი შესვლის უფლება მიეცეთ.
„უნდა შეიქმნას პირობები იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო, ნებაყოფლობითი, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნებისთვის“, – განაცხადეს მათ.
საბჭოს წევრებმა დაადასტურეს ერთგულება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების მიმართ.
მათი თქმით, კონფლიქტი „მშვიდობიანი“ გზით უნდა მოგვარდეს, საერთაშორისო სამართლის, გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის შესაბამისად, „განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიის კონტექსტში“.
უშიშროების საბჭოს წევრებმა მოუწოდეს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, დაუყონებლივ გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ასევე არ შეუშალოს ხელი უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის ჩამოყალიბებას.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)