საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა 19 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბრისას, პატიმრობაში მყოფი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ (სოსო) გოგაშვილის მიერ მის მიმართ მუქარის შესახებ გაჟღერებულ ბრალდებებს პირველად უპასუხა.
შს მინისტრად ხელახლა დანიშვნამდე, 2015-2019 წლებში გომელაური სუს-ის უფროსის პოსტზე მსახურობდა, 2015 წელს კი – 7 თვით, შს მინისტრის თანამდებობა ეკავა. სოსო გოგაშვილი კი – მისი პირველი მოადგილე ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო, შემდეგ კი – სუს-ში.
გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარა
კითხვაზე, მართლაც გადასცა თუ არა მან გოგაშვილს ბიძინა ივანიშვილსგან „ოჯახის განადგურების“ შესახებ მუქარა, შს მინისტრმა უპასუხა, რომ „ეს არის სრული აბსურდი“. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა, რომ იგი პატივს „მტრის ოჯახსაც“ სცემს და ის არასდროს არავის ოჯახს დამუქრებია.
მანვე განმარტა, რომ მას უკვე თვეებია, „შეიძლება“ წელიც რაც კომუნიკაცია არც ქართული ოცნების დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან ჰქონია და არც ციხეში დაურეკავს სოსო გოგაშვილისთვის. „არ დამირეკავს, არ შემდგარა არანაირი კომუნიკაცია, არანაირი მუქარა, მითუმეტეს ოჯახის და ოჯახის ამოწყვეტით…, სასაცილოა“, – დასძინა შს მინისტრმა.
ვახტანგ გომელაურმა აგრეთვე აღნიშნა, რომ 2018 უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტიდან გოგაშვილის გათავისუფლების შემდეგ, მათ „ჩვეულებრივი ურთიერთობა“ ჰქონდათ. „მას შემდეგ, პარტიაშიც იყო გარკვეული პერიოდი და ჩემთანაც ყოფილა ოჯახში, მას შემდეგ… არანაირი დაძაბული ურთიერთობა ჩვენ არ გვქონია, რჩევაც უკითხია და მიმიცია“, – დასძინა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე, მაშინ, რა მიზანი აქვს სოსო გოგაშვილს, რომ იგი მუქარაში სწორედ ვახტანგ გომელაურს ადანაშაულებს, შს მინისტრმა უპასუხა, რომ ამით „ყველაზე გაოცებული“ თავად არის. „…არანაირი ცუდი არ მინდა მისი ოჯახისთვის, რაც მოხდა, მოხდა, სადამდეც მიიყვანა მისმა საქციელმა და მისმა ქმედებებმა, კი ვხედავთ, ახლა და ვწუხვარ“, – დაამატა მან.
პანკისის სპეცოპერაცია
ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ სოსო გოგაშვილი ნამდვილად არ იმყოფებოდა 2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ადგილზე, რა დროსაც ადგილობრივი ახალგაზრდა, თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა.
შს მინისტრმა ისიც განმარტა, რომ იმ დროს ოპერაციაში მონაწილე სპეცდანიშნულების რაზმი მას ექვემდებარებოდა, იქ ვინმეს ლიკვიდაციის შესახებ ბრძანება სხვისგან ვერ მიიღებდა და მსგავსი ბრძანება არც მას გაუცია. მან არც მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის შუამავლის გაგზავნის შესახებ გოგაშვილის ბრალდება დაადასტურა და თქვა, რომ „ეს არის სრული სიცრუე“.
ვახტანგ გომელაურმა ისიც აღნიშნა, რომ იგი გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედას, მედიკო მარგოშვილს შეხვდა, თუმცა ოჯახის ადვოკატის თანდასწრებით და მას „მაქსიმალურად“ აუხსნა, „ის, რაც მოხდა იქ“.
შს მინისტრმა არც მისი შვილის მეგობრის გატაცების შესახებ ბრალდება დაადასტურა და თქვა – „ეგეც არის სრული აბსურდი, არ ვიცი, საიდან მოიგონა [გოგაშვილმა] … არაერთ აბსურდს გაიგებთ ალბათ აწი…“.
გოგაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრა და ე.წ. „საშხაპეში“ გაყვანა
რაც შეეხება საპატიმროში ოჯახის წევრებთან გოგაშვილის შეხვედრას, ვახტანგ გომელაურმა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ნათქვამი მოიშველია და აღნიშნა, რომ „მათი შეშვება მოხდა კანონის სრული დაცვით“. „როგორც მე ვიცი, კანონით უფლება აქვს გამომძიებელს და დაუშვას ესა თუ ის პიროვნება შეხვედრაზე პატიმართან…“, – დასძინა მან.
გოგაშვილის ე.წ. „საშხაპეში“ მასთან სასაუბროდ შესაძლო გაყვანაზე საუბრისას, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ პენიტენციური დაწესებულებები მას არ ექვემდებარება და არ იცის, შიგნით რა ხდება.
- არასამთავრობოები გოგაშვილის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ
- გოგაშვილი მუხთარლის გატაცებასა და შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ცემას ივანიშვილს უკავშირებს
„არ ვიცი, საშხაპეში გაიყვანეს თუ სხვაგან, მე რა ვიცი, სად გაიყვანეს, ეს ჩემი დაწესებულება არ არის, მაგრამ მე რომ არ დამირეკავს მასთან, კომუნიკაცია რომ არ მქონია, ეს ვიცი 100%-იანი“, – ხაზი გაუსვა მან და დასძინა, რომ არც ის იცის, თუ ვინ დაურეკა გოგაშვილს.
შს მინისტრი მზად არის გამოძიების კითხვებს უპასუხოს
შს მინისტრმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ იოსებ გოგაშვილი, თურმე მასზე და მათი გუნდის წევრებზე კომპრომატებს აგროვებდა და ამბობს, რომ „გომელაური ციხეში უნდა იჯდეს…“. მან ასევე დასძინა, რომ გოგაშვილის მიერ დაპირებული ჩანაწერების კიდევ გამოქვეყნებასაც ელოდება. „გამოიტანოს, ველოდებით ძალიან“, – აღნიშნა მან.
დასასრულს, ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა იგი, რომ გამოძიების კითხვებს უპასუხოს, მინისტრმა გომელაურმა უპასუხა – „მე მზად ვარ, თუ კითხვები იქნება, პასუხები გავცე გამოძიებას“.
ასევე წაიკითხეთ:
- გოგაშვილის მიერ არასამთავრობოებისთვის გადაცემულ მასალებზე გამოძიება დაიწყო
- არასამთავრობოები მმართველი პარტიის მიერ არჩევნების გაყალბების სავარაუდო სქემაზე საუბრობენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)