სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 20 აგვისტოს განაცხადა, რომ დღეს, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ ერთ-ერთი პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
„რანაირად მოხვდა ჩემი შვილის ხელში იარაღი… როგორ გაირტყა? ამიხსენით“, – იკითხმა მან ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა, რომ მისი ინფორმაციით, დაშავებული სამართალდამცველებს ფსიქიატრული საავდმყოფოდან კვლავ საპატიმროში უნდა დაებრუნებინათ. „გადაწყვიტეს, რომ ერთ დღეში ბიჭი გამოკეთდებოდა და ბიჭი არ იყო კარგად, არ იყო მზად იმისთვის, რომ ციხეში გადაეყვანათ“, – დასძინა მან.
სპეციალური საგამოძიებოს სამსახურის განცხადებით, საგამოძიებო მასალებით დგინდება, რომ 2022 წლის 20 აგვისტოს დილის საათებში, ცვლის გადაბარების დროს, პატიმარი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს უკნიდან მიეპარა, სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა და პირველი უმისამართო გასროლის შემდეგ, მეორედ ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლების მისამართით ისროლა, ამის შემდეგ კი – იმავე იარაღიდან თავის არეში მიიყენა დაზიანება.
„მიღებული დაზიანების შემდეგ დაზარალებული კავკასიის მედიცინის ცენტრში იქნა გადაყვანილი, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
სამსახურის განმარტებით, უკვე დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, შემდგომი კვლევისათვის საჭირო ნიმუშები აიღეს და ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერებიც მოიპოვეს. უწყებისვე განმარტებით, გამოძიებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებენ და ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველების ქმედების კანონიერების საკითხს შეისწავლიან.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. მუხლი 2-5 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)