ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ, სადაც მან თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიმართ აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერა „შოკისმომგვრელია“, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა 24 აგვისტოს განაცხადა, რომ „ამერიკის საელჩოს აქვს სრული ნდობა, ISFED-ის მიმართ“.
ირაკლი კობახიძე ამ განცხადებით, „სამართლიანი არჩევნების“ საარჩევნო ჯგუფში მოწვევაზე მმართველი პარტიის უარის შემდეგ, ორგანიზაციისადმი აშშ-ის საელჩოს მიერ გამოხატულ მხარდაჭერას გამოეხმაურა. მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგების „გაყალბებით“ „სამართლიანი არჩევნები“ „პირდაპირ იყო ჩართული იმ რევოლუციურ პროცესებში, რომელიც იყო მართული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“.
აშშ-ის ელჩის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნები“ ძალიან პატივსაცემი და არჩევნების დამკვირვებელი გამოცდილი ორგანიზაციაა, რომელიც საარჩევნო რეფორმების იმ ჯგუფშიც მონაწილეობდა, რომელსაც პარლამენტის ახლანდელი სპიკერი, შალვა პაპუაშვილი თავმჯდომარეობდა. მისივე თქმით, ამ ჯგუფმა საარჩევნო რეფორმისთვის შესაბამისი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, რაც შემდგომ პარლამენტმა მიიღო.
ელჩმა დეგნანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს 2020 და 2021 წლების არჩევნებზე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, ეუთო/ოდირის ის შეფასებები და ანგარიშები, რომელთა თანახმადაც, არჩევნებში „სერიოზული დარღვევები“ დაფიქსირდა. მისივე თქმით, ამ დარღვევებზე პასუხისმგებელი „სამართლიანი არჩევნები“ არ არის.
მანვე აღნიშნა, რომ ზოგადად, არჩევნების შედეგების მიმარ საზოგადოების ნდობაც დაბალია.
რაც შეეხება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებულ ხმების პარალელურ დათვლაში (PVT) აღმოჩენილ ცდომილებას, ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ როგორც კი ორგანიზაციამ ეს შეცდომა დაადასტურა, ამის შესახებ საზოგადოებას აცნობა „ეს იყო საჯარო და გამჭვირვალე განცხადება“. „სწორედ ამიტომ გვაქვს „სამართლიანი არჩევნების“ მიმართ სრული ნდობა… ისინი გამჭვირვალენი იყვნენ შეცდომის შესახებ“, – დასძინა ელჩმა.
მანვე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „სამართლიანი არჩევნები“ და სხვა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართულნი უნდა იყვნენ საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში, რადგანაც თავად ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური.
რაც შეეხება, ხმების პარალელური დათვლის შედეგებში აღმოჩენილი ცდომილების ირაკლი კობახიძისეულ შეფასებას, ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, რომ ყველას აქვს თავისი მოსაზრების ქონის უფლება, თუმცა მას ამის რაიმე მტკიცებულება ან დადასტურება არ უნახავს.
მანვე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ როგორც კი ორგანიზაციამ დათვლაში შეცდომა დადასტურდა, ამის შესახებ საზოგადოებას აცნობა. მისი შეფასებით, ეს იყო „უმნიშვნელო“, სტატისტიკური შეცდომა და მისი ისე წარმოჩენა, რომ თითქოს ის იყო რევოლუციური სქემის ნაწილი, არის რეალობის „არასწორი“ ინტერპრეტაცია.
კრიტიკული ტელევიზიების მიმართ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება
კომუნიკაციების კომისიის მიერ „მთავარი არხის“ დაჯარიმებისა და „ფორმულასა“ და „ტელეკომპანია პირველის“ გაფრთხილების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ელჩმა დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ „ძალიან სამწუხაროა“ მოვლენების ასე განვითარება.
მისივე თქმით, მედიისა და სიტყვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი – ის უფლება, რომ შესაძლებელი იყოს კრიტიკული აზრების გამოთქმა, მთავრობის მიმართ. „ეს არის მთავარი პრინციპი ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიისა“.
მანვე, დღეს საქართველოს კონსტიტუციის მიღების 27-ე წლისთავი გაიხსენა და ხაზი გაუსვა, რომ სწორედ კონსტიტუციით არის გარანტირებული ეს უფლება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)