საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბშვილმა 29 აგვისტოს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ, არ გამორიცხა, რომ ბოლო რამდენიმე დღეში, ქვეყნის მასშტაბით გაჩენილი ხანძრების მიზეზი „შიდა დესტრუქციული“ ძალების „დივერსია“ იყოს.
პრემიერის განცხადება, ბოლო დღეებში ქვეყნის მასშტაბით გაჩენილ რამდენიმე ხანძარს მოჰყვა. 19 აგვისტოდან ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ბოლო, 28 აგვისტოს მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. ასევე გუშინ, დედაქალაქსა და მის შემოგარენში ჯამში ხანძრის 4 კერა გაჩნდა.
- შსს: ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ჩამქრალია
- მეოთხე დღეა, ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ
„ვინაიდან, ვიცით რა, ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება, მათი ეს დივერსიული მიდრეკილებები, არაფერი არ არის გამორიცხული. ამიტომ, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს, ყველა ვერსიაზე უნდა გასცეს ამომწური პასუხი“, – განაცხადა მან.
პრემიერის თქმით, „ძალიან საეჭვოც კი არის“, რომ ხანძარი ერთდროულად რამდენიმე რეგიონში ჩნდებოდა, მაგრამ დასძინა, რომ „[ვახტანგ] გომელაურის უწყებამ [შსს-მ] ძალიან ეფექტიანად მართა ეს კრიზისი“. მანვე მოქალაქეებს „ცოტა მეტი“ სიფრთხილისა და პასუხისმგებლობისკენაც მოუწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მეზობელ თურქეთის რესპუბლიკას და მის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხანძრის ქრობის პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხა და ხაზი გაუსვა, რომ „ამას ჩვენ ძალიან ვაფასებთ და ამ დახმარებას არ დავივივწყებთ ქართველები“.
„როგორც კი მას [პრეზიდენტ ერდოღანს] გადასცეს ჩვენი თხოვნა დახმარების თაობაზე, მან იმავე წამს დავალება გასცა და სულ რაღაც ერთ საათში გამოგზავნილი იყო 3 თვითმფრინავი“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი ამბობს, რომ 3 ახალ ვერტმფრენს იყიდიან
პრემიერმა ღარიბაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ შსს 3 ახალი ვერტმფრენის შეძენაზე მუშაობს, „იმის მიუხედავად, რომ ყველა [არსებული] ფერტმფრენი არის აბსოლუტურად გამართული, კარგ მდგომარეობაში“.
პრემიერმა ხაზი იმასაც გაუსვა, რომ ქვეყნას წინა მთავრობის დროს ნაყიდი, „ერთი ძვირადღირებული, ფუფუნებისთსვის განკუთვნილი ვერტმფრენიც“ ჰყავს, რომელიც მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის შეიძინეს. . „ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ამ ფერტმფრენით არავინ ისარგებლა“, – დაამატა მან.
პრემიერმა „იმ სპეკულაციების“ საპასუხოდ, „თითქოს ეს ვერტმფრენი სამაშველო ოპერციებში გამოიყენება“, – თქვა, რომ „ეს არის ტყული“.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვერტმფრენს გადავცემთ უკან, მის გამომშვებ ქარხანას, ანუ გავყიდით და სანაცვლოდ 3 ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთებს, რომლებიც გამოგვდგება ჩვენც სამაშველო ოპერაციებზეც და სხვადასხვა ოპერაციებისთვისაც “, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მანვე ხაზგასმით თქვა, რომ საკითხზე აქტიური მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და მასში ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილიც არის ჩართული.
საგულისხმოა, რომ მოქმედი მთავრობა წინა ხელისუფლების დროს შეძენილი ორი ვერტმფრენის („სუპერ პუმა“) გაყიდვაზე ჯერ კიდევ 2013 წელს საუბრობდა. თუმცა, მაშინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ მათში გადახდილი ფასი იმდენად მაღალი იყო, რომ პოტენციური მყიდველის მოძიება გართულებულია და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ცნობილი დილერები უარს ამბობენ ამ ფასის ფარგლებში მათ შესყიდვაზე.
უკვე 2017 წელს, თბილისში, მთაწმინისდის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის დროს, შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციის პილოტმა, იოსებ არჯევანიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შსს ჯერ ვერტმფრენების სამაშველოდ გადაკეთებას გეგმავდა, მას შემდეგ კი – რაც ეს ვერ მოხერხდა, უწყებას ერთ-ერთი „სუპერ პუმას“ სამ სამაშველო ვერტმფრენში გაცვლაზე ჰქონდა მოლაპარაკებები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)