Site icon Civil.ge

ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას დაესწრო და კოლეგებს ხვდება

საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები - ილია დარჩიაშვილი და დმიტრო კულება, 31 აგვისტოს, 2022, ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 31 აგვისტოს პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას დაესწრო, რომლის განხილვის მთავარი საკითხები უკრაინაში რუსეთის შეჭრა და აფრიკასთან ევროკავშირის ურთიერთობები იყო. შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც მოცემული მომენტისთვის ჩეხეთი ხელმძღვანელობს.

ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზის თანახმად, 31 აგვისტოს შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინაში რუსეთი შეჭრის გლობალური შედეგები და რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი სანქციები განიხილეს.

მინისტრებმა ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზეც იმსჯელეს.

შეხვედრის ფარგლებში, დაგეგმილია სამუშაო სადილი ასოცირებულ ტრიოსთან, სახელწოდებით – „აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროპული პერსპექტივა“.

უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრა

პრაღაში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას შეხვდა და „კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ომი მალე დასრულდება და ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს“.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა ასოცირებული ტრიოს როლს რეგიონში და სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს. „მინისტრები მიესალმნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიწვევას, როგორც ამ ქვეყნების მიმართ ევროკავშირის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერის გამოხატულებას“.

ამავე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის თაობაზე ევროკომისიის გადაწყვეტილებაზეც გაამახვილეს ყურადღებად და ორი ქვეყნის მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხზეც იმსჯელეს.

მოლდოველ კოლეგასთან შეხვედრა

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მოლდოველ კოლეგას, ნიკუ პოპესკუსაც შეხვდა, სადაც მხარეებმა ასოცირებული ტრიოს ევროინტეგრაციის საკითხზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, ევროკომისიის რეკომენდაციებსა და მათი შესრულების მიმდინარეობაზე ისაუბრეს.

„საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერიალზე ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიწვევას, რაც კიდევ ერთხელ წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან ამ ქვეყნების მკაფიო მხარდაჭერის დემონსტრირებას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, მხარეებმა ასევე განიხილეს ასოცირებული ტრიოს როლი და მნიშვნელობა ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგის პირობებში. ამ კუთხით მათ ერთობლივი სამომავლო ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველო-მოლდოვას ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა აქტუალური საკითხებიც განიხილეს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზეც იმსჯელეს. „კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“.

ირლანდიელ კოლეგასთან შეხვედრა

დმიტრო კულებასა და ნიკუ პოპესუკს გარდა, ილია დარჩიაშვილი ირლანდიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრს, საიმონ კოვენისაც შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა ირლანდიელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ირლანდიის „მნიშვნელოვან წვლილსაც“ გაუსვეს ხაზი.

ილია დარჩიაშვილმა საიმონ კოვენი საქართველოში მოიწვია.

ესტონელ და ესპანელ კოლეგებთან შეხვედრა

ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი  ესტონელ კოლეგას, ურმას რეინსალუსაც შეხვდა და ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებსა და მათი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელა. „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ესტონეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერაზე, როგორც ქვეყნის ევროინტეგრაციის, ასევე სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგზე იმსჯელა ილია დარჩიაშვილმა ესპანელ კოლეგასთან, ხოსე მანუელ ალბარესთან შეხვედრაზე. „ხაზი გაესვა ესპანეთის მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

შენიშვნა: მასალა 2020 წლის 1 სექტემბერს, 13:30 სთ-ზე, ილია დარჩიაშვილის ესტონელ და ესპანელ კოლეგებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციის შესაბამისად  განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)