Site icon Civil.ge

კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ დავა კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოიგო

თბილისის საქალაქო სასამართლო. ფოტო: სასამართლოს Facebook გვერდი

კულტურის სამინისტროდან 2021 წლის ივლისში გათავისუფლებული ერთ-ერთი თანამშრომლის ადვოკატი, ვახტანგ ბარამაშვილი ამბობს, რომ მისმა კლიენტმა, რომელსაც მოცემული მომენტისთვის ანონიმურად დარჩენა სურს, კულტურის სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო.

ბარამაშვილმა 29 აგვისტოს Facebook-ზე საქმეზე მოსამართლე ბაია ოტიაშვილის გადაწყვტილების ფოტოასლიც გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, კულტურის სამინისტროს ადამიანურის რესურსების მართვის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენა და მისთვის თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან – 2021 წლის 1 ივლისიდან – გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური სახელფასო ოდენობის განაცდურის გადახდა დაევალა.

„ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში ვახტანგ ბარამაშვილმა აღნიშნა, რომ მისი კლიენტი „საკმაოდ მაღალი რანგის“, „უმაღლესი კვალიფიკაციის“ მქონე თანამშრომელია, რომელსაც წლების განმავლობაში „უმაღლესი სამოხელეო შეფასება“ ჰქონდა.

„სასამართლომ პირდაპირი სიტყვებით ჩაწერა, რომ მიღებული გადაწყვეტილება, სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების შესახებ, არ არის კანონიერი და ეს გადაწყვეტილება არ ეყრდნობა კანონს და ობიექტურ საფუძვლებს“, – ხაზი გაუსვა მან.


მანამდე, 9 აგვისტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ განაცხადა, რომ სასამართლომ ასევე უკანონოდ ცნო ეროვნული მუზეუმიდან, რომელიც კულტურის სამინისტროს ექვემდებარება, თანამშრომლის – დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება.

საგულისხმოა, რომ თეა წულუკიანს, კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მის დაქვემდებარებულ უწყებებში თავისუფალი აზრის „დევნასა“ და თანამშრომლების „პოლიტიკური ნიშნით“ გათავისუფლებაში აქტიურად ადანაშაულებენ.

მსგავსი ბრალდებები ისმოდა მისი იუსტიციის მინისტრობის დროსაც. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 2022 წლის თებერვლის მონაცემებით, იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის მსახურობის პერიოდში სისტემიდან თანამშრომელთა „უკანონო გათავისუფლებების“ გამო ბიუჯეტმა 332 172 ლარი იზარალა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)