არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ 2018 -2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მიმღებ (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) პირთა 72% (6 075 პირი) რუსეთის მოქალაქე იყო.
ორგანიზაციისვე ცნობით, 2022 წლის პირველ 7 თვის მდგომარეობით საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) 723 მოქალაქეს მიანიჭეს, 2021 წელს – 1 342-ს, 2020 წელს – 629-ს, 2019 წელს – 1 219-ს.
ამასთან, 2018-2022 წლებში, რუსეთის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობის მიმღებთა შორის ყველაზე მეტნი – 428 – უკრაინის მოქალაქეები იყვნენ, შემდეგ კი – სომხეთისა (404) და აშშ-ის (330) მოქალაქეები.
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესები
ჩვეულებრივი წესი: პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ ბოლო 10 წლის განმავლობაში უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში, დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები, საქართველოში მუშაობს ან/და აქვს უძრავი ქონება ან საქართველოს ან საქართველოში ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.
გამარტივებული წესი: საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებული პირი, რომელიც ბოლო 5 წელი ცხოვრობს საქართველოში. დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.
საგამონაკლისო წესი: უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მას საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. სახელმწიფო ინტერესების შეფასებაში მხედველობაში მიიღება სხვადასხვა გარემოება. მათ შორის: საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და მისი წინაპარი არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან იძულებით გადაადგილებული პირი, სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი. ასევე, ისეთი პირები, რომლებიც საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას რომლითაც ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, ასევე სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში წარმატებული პირი, რომელსაც სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს.
სპეციალური წესი: საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა.
აღდგენის წესი: საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა არამართლზომიერად, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით, მშობლის არჩევანის შედეგად, სხვა ქვეყნის მოპოვებასთან დაკავშირებით.
ორგანიზაციის ცნობით, 2018-2022 წლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაგზავნა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ 13 644 პირის მიმართ დადებითი დასკვნა, ხოლო 7 360 პირის მიმართ უარყოფითი.
ამავე წლებში, პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქეობა 13 575 პირს მიანიჭეს, საიდანაც 5 111 პირს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა, ხოლო 8 382 პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა, ჩვეულებრივი წესით – 38 პირს, გამარტივებული წესით – 29 პირს, ხოლო სპეციალური წესით – 15 პირს.
რუსეთის შეჭრა უკრაინაში
ორგანიზაციის ცნობით, 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღო რუსეთის 551-მა, ხოლო უკრაინის 8 მოქალაქემ მიიღო.
„რუსეთის მოქალეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილის კიდევ მეტად ზრდა მოსალოდნელია 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შექმნილი სიტუაციის (მოსალოდნელი გრძელვადიანი სანქციები, განსხვავებული შეხედულებების მქონე პირების დევნა და სხვა) გათვალისწინებით“, – ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაციის განმარტებით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილის ზრდაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის შეფასება, მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში მათთვის მინიჭებული საქართველო მოქალაქეობის ფაქტობრივი მაჩვენებლებით შეუძლებელია.
IDFI-ის ცნობით, ამ კუთხით სრულფასოვანი შეფასებისათვის მნიშვნელოვანია ისეთი მონაცემების კომპლექსური ხელმისაწვდომობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ცალკეული პირობების დაკმაყოფილების მცდელობასთან. მაგალითად, საქართველოში ცხოვრებაზე გაცემული ბინადრობის ნებართვები, საქართველოს მოქალაქეებთან ქორწინების სტატისტიკა და სხვ.
„სამწუხაროდ სახელმწიფო სერვისების სააგენტომ მსგავსი მონაცემების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა. IDFI აღნიშნული ინფორმაციის მიღების მიზნით სახელმწიფო სერვისების სააგენტოს წინააღმდეგ მიმართავს შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ასევე წაიკითხეთ:
- სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი რუსეთის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს
- მოქალაქეთა ნაწილი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)